საქართველო გამარტივებული წესით შეიძენს ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის, „ჯაველინის“ ახალ პარტიას. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღეს, 31 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ საერთო ჯამში, 26 246 866 აშშ დოლარის ღირებულების სისტემა შეძენილი იქნება აშშ-ის მიერ გამოყოფილი და ასევე, შეერთებული შტატების და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებით.
აშშ-მა საქართველოსთვის დამატებით 30 მილიონი დოლარის „ჯაველინების“ მიყიდვის გადაწყვეტილება 2021 წელს მიიღო. საქართველომ ამ ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შეძენა 2018 წლიდან დაიწყო.