Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მემორიალმა" მისი ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა


საერთაშორისო ისტორიულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „მემორიალმა“ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ორგანიზაციის ლიკვიდაციის თაობაზე. ამის შესახებ „მემორიალის“ პრესსამსახური იტყობინება.

11 ნოემბერს მოსკოვის გენერალურმა პროკურატურამ სარჩელი შეიტანა „საერთაშორისო მემორიალისა“ და უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ ლიკვიდაციის მოთხოვნით. ისინი დამნაშავედ ცნეს „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში - მათ მასალებს არ ჰქონდა შესაბამისი ეტიკეტი. ასევე მათ „ექსტრემიზმის მხარდაჭერაში“ დასდეს ბრალი პოლიტპატიმრების სიებისთვის, რომლებსაც ადგენს ცენტრი. უზენაეს სასამართლოში გამართულ წინასწარ მოსმენაზე „საერთაშორისო მემორიალის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ გადაიხადეს ყველა ჯარიმა „უცხოეთის აგენტის“ კანონის დარღვევისთვის.

28 დეკემბერს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ, დააკმაყოფილა რა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა. 29 დეკემბერს მოსკოვის სასამართლომ დააკმაყოფილა ანალოგიური შუამდგომლობა უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ მიმართ.

„მემორიალის“ ლიკვიდაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ სსრკ-ს ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი, ნობელის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი, მსოფლიოში სახელმოხვეჭილი მეცნიერები, მწერლები და მუსიკოსები, ასევე აშშ, ევროკავშირი და ევროპის საბჭო. მხარდამჭერ პეტიციას უკვე 110 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

XS
SM
MD
LG