ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ახალი, 18 წლამდე COVID-ინფიცირებული პაციენტების მართვის გაიდლაინი დაამტკიცა. ამ ახალ გაიდლაინში კვლავ უცვლელია პედიატრიული პაციენტების კლინიკაში გადაყვანის ინდიკატორები.
28 იანვარს დამტკიცებული დოკუმენტით, კოვიდინფიცირებულ ბავშვებში მაღალ რისკად ითვლება შემდეგი გარემოებიდან რომელიმე ერთ-ერთის არსებობაც კი:
- 1 წელზე პატარა ასაკი;
- დადასტურებული პნევმონია;
- მუდმივი მაღალი ტემპერატურა 3-5 დღის განმავლობაში;
- დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ არ არის გაუმჯობესება ან გამწვავება პროგრესირებს;
- თუ არტერიული ჟანგბადის გაჯერების მაჩვენებელი ოთახის ჰაერზე 92 პროცენტზე ნაკლებია;
- სუნთქვის უკმარისობა;
- თანმხლები ქრონიკული მდგომარეობა (ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა); გულსისხლძარღვთა დაავადებები; თირკმელების ქრონიკული დაავადება; ღვიძლის ქრონიკული დაავადება; ნერვ-კუნთოვანი დაავადება; ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი); მეტაბოლური დარღვევები);
- იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვა, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა);
- მულტისისტემური ანთებითი სინდრომი და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები;
- მძიმე სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი ≥120% 95-ე პერცენტილზე);
- გასტროენტერიტის სურათი ზომიერი ან მძიმე დეჰიდრატაციით.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, 2021 წლის 1 ოქტომბრამდე სულ დაინფიცირდა 18 წლამდე ასაკის 90 680 ბავშვი, რაც ინფიცირებულთა 14,8 პროცენტია. ამ პერიოდში კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს 7708 ბავშვი (8,5%), მათგან გარდაიცვალა 8 (0,1%).