Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებულმა თალიბებმა ორი ავღანელი ჟურნალისტი დააკავეს


ჟურნალისტების თავისუფლება ავღანეთში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ქვეყანაში თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ.

1 თებერვალს შეიარაღებული თალიბების ჯგუფმა ქაბულში დააკავა ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანია არიანას ორი ჟურნალისტი, რომელთა ადგილსამყოფელი ახლობლებისა და კოლეგებისთვის უცნობია.

ტელეკომპანიის დირექტორმა, შარიფ ჰასან იარმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ ვარის ჰასრათი და ასლამ ჰიჯაბი ტელევიზიის შესასვლელთან შეიარაღებულმა პირებმა 31 იანვარს დააკავეს.

ჟურნალისტების კოლეგები ვარაუდობენ, რომ შეიარაღებული პირები თალიბები არიან.

„ჩვენმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რომ ისინი წაიყვანეს სამხედრო უნიფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სამთავრობო მანქანებით გადაადგილდებოდნენ“, - განაცხადეს ტელეკომპანია არიანას თანამშრომლებმა.

მაგრამ თალიბანის დაზვერვის გენერალური დირექტორატის პრესმდივანმა, მავლავი ჰარმაზმა განაცხადა, რომ დაკავებულები არ იმყოფებიან სააგენტოს საპატიმრო დაწესებულებაში.

ტელეკომპანია არიანას თანამშრომლები მოუწოდებენ უფლებადამცველებსა და კოლეგებს, რომ დაეხმარონ დაკარგული ჟურნალისტების მოძიებასა და გათავისუფლებაში.

ჟურნალისტთა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ჟურნალისტების თავისუფლება ავღანეთში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ქვეყანაში თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG