1 თებერვალს ოკუპირებული რეგიონის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია ცხინვალიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევების შესახებ.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იღებს ზომებს შრომით მიგრანტთა შორის იმ პირების გამოსავლენად, რომლებიც არღვევენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლისა და ყოფნის წესებს, - იუწყება ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური, - 2022 წლის 1 თებერვალს, ოპერატიული ინფორმაციის მიღების საფუძველზე, რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს, აზერბაიჯანული ეროვნების, საქართველოს სამი მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეების დაკავების საფუძველი გახდა მათ მიერ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლისა და ყოფნის წესების დარღვევა".
დე ფაქტო „კაგებე"-ს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ე.წ საზღვრის შესახებ კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე დე ფაქტო რესპუბლიკის ფარგლებიდან გააძევეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეებს ცხინვალიდან იქ შესვლისა და ყოფნის წესების დარღვევის გამო აძევებენ. აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები ცხინვალში პერიოდულად ვლადიკავკაზის მხრიდან ჩადიან და იქ სამეურნეო საქმიანობასაც ეწევიან ხოლმე. მსგავსი პრეცედენტი ორი წლის წინაც დაფიქსირდა.
დაწერეთ კომენტარი