რუსეთის მიმართ დიდი ბრიტანეთის სანქციები ამოქმედდება მაშინვე, როგორც კი უკრაინაში რაიმე სახით შეჭრა მოხდება, თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 1 თებერვალს.
„სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ მოსკოვში გაიგონ, რომ ჩვენ მიერ სანქციების ამოქმედებაში იქნება ავტომატიზმი. როგორც კი უკრაინის ტერიტრიაზე მორიგი ინტერვენცია მოხდება, იმავე წუთში ამოქმედდება სანქციები“, - თქვა ჯონსონმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია და მიმართოს დიპლომატიას, თქვა ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში შეხვედრის შემდეგ.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს და დიპლომატიის გზა აირჩიოს", - თქვა ჯონსონმა. „და იმედი მაქვს, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ცხადია, დაინტერესებული ვართ დიალოგში მონაწილეობით, რა თქმა უნდა, ვართ. მაგრამ სანქციები გამზადებულია, ჩვენ სამხედრო დახმარებას ვუწევთ [უკრაინას] და ასევე გავაძლიერებთ მასთან ეკონომიკურ თანამშრომლობას“, - დასძინა მან.
ჯონსონის სიტყვებით, სამხედრო კონფლიქტი „კატასტროფის“ ტოლფასი იქნებოდა.
„უკრაინაში რუსეთის ახალი შეჭრა იქნებოდა პოლიტიკური კატასტროფა, ჰუმანიტარული კატასტროფა და, ჩემი აზრით, ის რუსეთისა და მსოფლიოსთვის იქნებოდა ასევე სამხედრო კატასტროფა“, - თქვა ჯონსონმა.
ბორის ჯონსონი სამშაბათს ჩავიდა კიევში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმის თაობაზე მოსალაპარაკებლად, თუ როგორ შეიძლება უკრაინაში რუსეთის სავარაუდო სამხედრო ინტერვენციის შეჩერება.
მრავალი წყაროს თანახმად, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 ათასზე მეტმა ჯარისკაცმა და სამხედრო ტექნიკამ მოიყარა თავი. დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ეს უკრაინაში ინტერვენციისთვის მზადება შეიძლება იყოს. მოსკოვი აცხადებს, რომ არ არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ის უკრაინაში შეჭრას გეგმავს.
დაწერეთ კომენტარი