თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებს გამოკვლევებს მერია დაუფინანსებს. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე სიტყვებით, თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის წამლების დაფინანსების პროგრამა“ 2020 წლიდან დაიწყო.
„2022 წლიდან თბილისის მერია აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც დაუფინანსებს. დაავადების სიმპტომები 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამ ასაკობრივი ჯგუფის არატრავმული უნარშეზღუდულობის მიზეზი ხდება. მერიის პროგრამის საშუალებით, შესაძლებელი ხდება, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირები არ მიეჯაჭვონ საწოლს ან ეტლს, არამედ, ჩაერთონ ყოველდღიურ საქმიანობაში და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში გაფანტული სკლეროზით დაავადებულთა ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, ნევროლოგები 1000-ზე მეტ პაციენტს ვარაუდობენ. გაფანტული სკლეროზი მსოფლიოში თითქმის 2.3 მილიონ ადამიანს აქვს, უმეტესად ჩრდილოეთის ქვეყნებში (რუსეთი, კანადა, ჩრდილოეთი ამერიკა, ა.შ.).