Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარდონე, პინო, კაბერნე სოვინიონი - ყველას წინაპარი ქართული ყურძენია - ინტერვიუ იტალიელ მეცნიერთან


რთველი კახეთში
რთველი კახეთში

ყველა ყურძენს, რომლისგანაც ყველაზე პოპულარულ ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ღვინოებს აყენებენ, ერთი საერთო წინაპარი ჰყავს - საქართველოში მოშინაურებული ყურძენი. ამის შესახებ ლაპარაკია სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications-ში 2021 წლის დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევაში.

კვლევის ავტორებმა, იტალიელმა მეცნიერებმა მიკელე მორგანტემ და გაბრიელე დი გასპერომ ყურძნის 204 სახეობის გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ადგილი ჰქონდა ერთ „მოშინაურების მოვლენას“, რომელიც 8-10 ათასი წლის წინ მოხდა სამხრეთ კავკასიაში. აქ მოშინაურებული ყურძენი კი შემდეგ ევროპაში გავრცელდა, სადაც შემდეგ შეჯვარდა ადგილობრივ ველურ სახეობებთან.

რადიო თავისუფლება კვლევის ერთ-ერთ ავტორს, მიკელე მორგანტეს, იტალიის უდინეს უნივერსიტეტის პროფესორს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რას შეეხებოდა ეს კვლევა და რატომაა მისი შედეგები მნიშვნელოვანი.

პროფესორი მიკელე მორგანტე
პროფესორი მიკელე მორგანტე

ნაშრომში ახსენებთ, რომ კვლევის მიზანი იყო ნათელი მოგეფინათ ევროპული ღვინის წარმოშობის ისტორიისთვის, რომელთან დაკავშირებითაც დღემდე არსებობს განსხვავებული აზრი. რას გულისხმობთ? რას შეეხება აზრთა სხვადასხვაობა?

მიკელე მორგანტე: ზოგი ავტორი მიიჩნევდა, რომ არსებობდა ორი დამოუკიდებელი „მოშინაურების მოვლენა“. ერთს ადგილი ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში, სავარაუდოდ, საქართველოში, მეორეს კი - ევროპაში. ამ ჰიპოთეზის თანახმად, ბევრ ამჟამინდელ ევროპულ სახეობას სწორედ ამ მეორე მოშინაურებისას ჩაეყარა საფუძველი. არსებობს მეორე მიდგომაც - რომ არსებობდა ერთი, უნიკალური „მოშინაურების მოვლენა“ და ეს კავკასიაში მოხდა.

ჩვენი მონაცემები მხარს უჭერს მეორე ჰიპოთეზას. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ მოხდა მოშინაურების ერთადერთი მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში და შემდეგ ეს ყურძენი გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის აუზში. თავიდან ევროპაში სუფრის ყურძენი ჩაიტანეს, შემდეგ კი ის შეაჯვარეს ადგილობრივ ველურ ყურძენთან.

თუ დავაკვირდებით ევროპული ღვინის დღევანდელ სახეობებს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც ყველაზე ხშირად ზრდიან ჩრდილოეთ იტალიასა და საფრანგეთში, ვნახავთ, რომ მათი გენომი დიდწილად შედგება თავდაპირველი კავკასიური გენომისგან, მაგრამ მას ასევე აქვს სეგმენტები, რომლებიც ევროპული ველური სახეობებისგან დაემატა.

ეს შეიძლება შევადაროთ ჩვენს ურთიერთობას ნეანდერტალელებთან. ადამიანები ევროპაში აფრიკიდან ჩავედით, შემდეგ კი გავიცანით ადგილობრივი ნეანდერტალელები, დავიწყეთ მათთან შეჯვარება და ამის კვალი ჩვენს გენომს დღემდე ამჩნევია.

როგორ მიხვედით ამ დასკვნამდე? თუ არის შესაძლებელი, გენეტიკაში გაუთვითცნობიერებელ ადამიანსაც აუხსნათ, თუ რა სახის სამუშაოები ჩაატარეთ?

მიკელე მორგანტე: ჩვენ გამოვიყენეთ გენომის სეკვენსირების უდიდესი ძალა. დღეს გაგვაჩნია უმძლავრესი ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ინდივიდუალური გენომების ხელახალი სეკვენსირება ძალიან სწრაფად და იაფად მოვახდინოთ.

ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ყურძნის ორასზე მეტი სახეობის ანალიზი ჩავატარეთ - როგორც კულტივირებულის, ისე ველური ყურძნის და შემდეგ მათი გენომები ერთმანეთს შევადარეთ. ეს სიკვენსები იმდენად უნიკალურია, რომ შესაძლებელია ცხადად დავინახოთ, თუ როდის შეუერთდა ერთი ჯგუფის გენომი მეორისას და ზუსტად დავადგინოთ, როდის მოხდა შეჯვარება.

ეს იგივე ხელსაწყოებია, რომელსაც იყენებენ ადამიანების ევოლუციური ისტორიის შესასწავლად - მათი გამოყენება ყურძნის ევოლუციის შესასწავლადაც გამოდგება.

რას ნიშნავს მოშინაურების მოვლენა? ლაპარაკია ერთი ადამიანის დროს უხსოვარ დროს გაწეულ სამუშაოზე თუ ეს უფრო ერთ კონკრეტულ ადგილას ადამიანთა რამდენიმე ჯგუფის ძალისხმევის შედეგია?

მიკელე მორგანტე: ჩვენ ზუსტად არ ვიცით დეტალები, თუ როგორ მოხდა მცენარეების მოშინაურება. მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს ერთი კონკრეტული ინდივიდის მიერ არ განხორციელებულა. ასე რომ ყოფილიყო, გენეტიკური ვარიაცია კულტივირებულ მასალაში ძალიან შეზღუდული იქნებოდა.

არსებობს სახეობები, სადაც სწორედ ასე მოხდა - მაგალითად, ყავის, Coffea arabica-ს შემთხვევაში ყველა ამჟამინდელი კულტივირებული მასალა მოდის ერთი კონკრეტული ინდივიდისგან, რომელიც დაახლოებით 10 ათასი წლის წინ მოაშინაურეს.

თუმცა, სხვა შემთხვევების უმეტესობაში, ალბათ მოხდა სელექცია ადამიანების სხვადასხვა ჯგუფის მიერ, რომლებმაც აარჩიეს ინდივიდუალური ნაყოფები სასურველი მახასიათებლებით. ვაზის შემთხვევაში ეს იქნებოდა უფრო მსხვილი მტევნები, შაქრის მაღალი შემცველობა, ჰერმაფროდიტიზმი - რადგან ველურ ყურძენს განსხვავებული სქესები აქვთ, კულტივირებული სახეობები კი ჰერმაფროდიტულია...

ამ სასურველმა მახასიათებლებმა შემდეგ ერთად მოიყარა თავი. ჯერ დანამდვილებით არ ვიცით, ეს შემთხვევით მოხდა თუ ადამიანების ჩარევით, თუმცა ძალიან სავარაუდოა, რომ ეს სწორედ ადამიანების ძალისხმევის შედეგია.

მაგრამ, ეს არ არის მოვლენა, რომელიც ასე, ერთ დღეში მოხდა. ამას ალბათ საუკუნეები დასჭირდა. ამასობაში კი, მცენარეები, რომლებიც სასურველი მახასიათებლების გამო შეარჩიეს, აგრძელებდნენ შეჯვარებას თავიანთ ველურ წინაპართან. ეს უფრო კომპლექსური მოდელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ნეოლითის დროინდელი ეს თიხის ჭურჭელი, სავარაუდოდ, ქვევრი, ღვინის კვალს ატარებს. დაახლოებით 8 ათასი წლის ჭურჭელი ქვემო ქართლში, სოფ. შულავერთან მდებარე ხრამის დიდ გორაზე არქეოლოგიური კვლევისას აღმოაჩინეს და ის ყურძნის ღვინის ჯერჯერობით მსოფლიოში უძველესი კვალია.
ნეოლითის დროინდელი ეს თიხის ჭურჭელი, სავარაუდოდ, ქვევრი, ღვინის კვალს ატარებს. დაახლოებით 8 ათასი წლის ჭურჭელი ქვემო ქართლში, სოფ. შულავერთან მდებარე ხრამის დიდ გორაზე არქეოლოგიური კვლევისას აღმოაჩინეს და ის ყურძნის ღვინის ჯერჯერობით მსოფლიოში უძველესი კვალია.

დაახლოებით როდის მიმდინარეობდა ეს პროცესი? ვგულისხმობ ჯერ ყურძნის თავდაპირველ მოშინაურებას, შემდეგ კი მის გავრცელებას ევროპაში.

მიკელე მორგანტე: ამის დასადგენად გენეტიკურ ინფორმაციას არქეოლოგიურ მასალას ვადარებთ. მოშინაურებული ყურძენი, სავარაუდოდ, 8-10 ათასი წლისაა. მცენარეების უმეტესობის მოშინაურება დაახლოებით ერთდროულად მოხდა - სოფლის მეურნეობის გავრცელებასა და ადამიანების სოციალური სტრუქტურის ცვლილებასთან ერთად.

ევროპაში ის ალბათ 3 ათასი წლის წინათ გავრცელდა. როდის მოხდა შეჯვარება, ჯერ ვერ დავადგინეთ - შეიძლება 3 ათასი წლის წინათ, შეიძლება - გაცილებით გვიანაც.

კვლევისას ასევე აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე ჯიშის ყურძენი, რომლებსაც დღესაც ზრდიან იტალიაშიც და საფრანგეთშიც - კულტივირებული და ველური ყურძნის შეჯვარების პირდაპირი შედეგია. ეს კი საინტერესო აღმოჩენაა, რადგან გვაჩვენებს, რომ დღესაც შესაძლებელია შეჯვარებისთვის ველური ყურძნის მოძიება ისე, რომ ღვინის ხარისხი არ დაეცეს. ეს კი შეიძლება დაგვეხმაროს ისეთი პრობლემის გადაჭრაში, როგორიცაა, მაგალითად, რომელიმე სპეციფიკურ დაავადებასთან ბრძოლა, რომელიც ემართება კულტივირებულ ყურძენს, მაგრამ არა - ველურ სახეობას. ანუ, შესაძლებელია გამოვიყვანოთ ისეთი ჯიშები, რომლებიც უფრო გამძლე იქნება ამ კონკრეტული დაავადების მიმართ და, ამავე დროს, მაღალი ხარისხის ღვინოს მოგვცემს.

რატომ ჩათვალეთ მნიშვნელოვნად ამ კვლევის ჩატარება? ეს უბრალო აკადემიური ცნობისმოყვარეობაა თუ ამ ინფორმაციას პრაქტიკული გამოყენებაც აქვს?

მიკელე მორგანტე: პირველ რიგში, ყურძენმა უდიდესი კულტურული და ეკონომიკური როლი ითამაშა და ევროპის ცხოვრებაში დღესაც თამაშობს - და ეს თავისთავად უკვე საკმარისი მიზეზია, რომ ვცადოთ იმის დადგენა, როგორ მივიღეთ ამჟამინდელი სახეობები.

თუმცა, ამას დიდი პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. ეს ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს, მომავალში ღვინის ახალი სახეობების მიღება ვცადოთ, რომლებსაც ან საინტერესო გემოვნებითი მახასიათებლები ექნება, ან უკეთ იქნება ადაპტირებული კლიმატურ პირობებთან. ევროპას მოუწევს თვალი გაუსწოროს, რომ კლიმატი იცვლება და ამან შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ყურძნის დღევანდელ ჯიშებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დავადგინოთ კლიმატურ ცვლილებასთან ადაპტაციისთვის სასარგებლო გენეტიკური ვარიაციები.

(რქა)წითელი პლანეტა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:48 0:00

რა არის შემდეგი საკვლევი ნაბიჯი? რა არის, რაც ამ კუთხით ჯერ არ ვიცით და რისი ცოდნაც სასარგებლო იქნება?

მიკელე მორგანტე: დღეს არ ვიცით, თუ ზუსტად რომელი გენებია მნიშვნელოვანი ხარისხიანი ღვინის მისაღებად. ამის დადგენა კი ყველა მომავალ სელექციას და შეჯვარების პროგრამას გაცილებით ეფექტიანს გახდის. ამჟამად, ღვინის ახალი სახეობის გამოყვანა ძვირიანი, ხანგრძლივი და რთული პროცესია - სელექცია ძალიან ნელა მიმდინარეობს, რადგან ღვინოს ნორმალურისგან ძალიან განსხვავებული მეთოდითა და მასშტაბით აყენებ.

ამის ნაცვლად, თავიდანვე რომ ვიცოდეთ, თუ ზუსტად რა გენები უნდა ჰქონდეს ინდივიდუალურ სახეობას კარგი ღვინის დასაყენებლად, შემდეგი სელექციის პროცესი გაცილებით სწრაფი იქნებოდა.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG