Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირს ტერმინ "სამხრეთ ოსეთის" "ცხინვალის რეგიონით" შეცვლას სთხოვს


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიკსერს სთხოვა, ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია "სამხრეთ ოსეთის" ნაცვლად, "ცხინვალის რეგიონით" მოიხსენიონ. თხოვნით საქართველოს პარლამენტის წევრმა ევროკავშირის წარმომადგენელს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მიმართა, რომელზეც სვენ მიკსერი, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

"სამხრეთ ოსეთი" - ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. როგორ შეიძლება, რომ ამოვიღოთ ეს ტერმინი საერთოდ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. მით უმეტეს, ეს არის სტალინისტური ტერმინი და არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროკავშირი ან თუნდაც ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, სწორედ ამ სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს", - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.

იგივე თხოვნა ჰქონდა "სტრატეგი აღმაშენებლის" წევრს, თეონა აქუბარდიას:

"ხშირად მეც მაქვს ხოლმე პროტესტის განცდა, როდესაც ვკითხულობ ოფიციალურ დოკუმენტებში აბსოლუტურად სხვა ტერმინოლოგიით იმას, რასაც ჩვენი კანონმდებლობა [სხვანაირად მოიხსენიებს".

მოგვიანებით სამხარაძემ მედიასთან განმარტა, რატომ არის ამ ტერმინის შეცვლა მნიშვნელოვანი:

"უნდა შეიცვალოს "ცხინვალის რეგიონით", რომელიც არის [წერია] საქართველოს კანონმდებლობაში. თანამედროვე ქართულ საკანონმდებლო ნორმებში ცხინვალის რეგიონი მოიცავს სრულად იმ ტერიტორიას, რომელიც იყო ადრე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. შეიძლება ეს პატარა დეტალი იყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ტექსტებში გვხვდება ისეთი ტერმინი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს", - უთხრა ჟურნალისტებს სამხარაძემ.

მიკსერმა პარლამენტის დეპუტატებს უთხრა, რომ "ცხინვალის რეგიონთან" დაკავშირებით მათი თხოვნა ჩაინიშნა.

"მე ჩავინიშნე თქვენი შეშფოთება ფორმულირებებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და თანმიმდევრულია. ეს არ არის ჩვენთვის შეურაცხმყოფელი და, რა თქმა უნდა, ეს უნდა ჩავინიშნოთ და გავითვალისწინოთ, როდესაც მომავალში შევიმუშავებთ ევროპულ დოკუმენტებს", - თქვა მიკსერმა.

მიკსერი მეორე დღეა საქართველოშია. ის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა.

XS
SM
MD
LG