Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ხედვით, უნდა შეიქმნას კანონი, რომელიც ოლიგარქებს პოლიტიკაში ყოფნას აუკრძალავს


ფოტო არქივიდან: ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი
ფოტო არქივიდან: ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვის თეზისებს აქვეყნებს. ამ ხედვის ერთ ნაწილში ოლიგარქებისთვის პოლიტიკაში ნებისმიერი ფორმით ყოფნის აკრძალვაზეა საუბარი.

სააკაშვილის ხედვით, პარტიის დაფუძნება, დაფინანსება ან მის საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩართვა უნდა აეკრძალოს ადამიანს, რომელიც ფლობს ქვეყნის მშპ-ს 5 პროცენტზე მეტი თანხის ქონებას.

"ყველა ადამიანს, ვისი ქონებაც აღემატება მშპ-ს 5%-ს, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის შექმნა ან/და პარტიების დაფინანსება ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მათ საქმიანობაში მონაწილეობა. ჩვენ საქართველოში გვჭირდება ბევრი შეძლებული მოქალაქე, მაგრამ ბევრი მოქალაქის კეთილდღეობა არ გაუმჯობესდება თუ ქვეყანაში მონოპოლია აქვს ერთ ან რამდენიმე სუბიექტს, რომლებიც მონოპოლიის შესანარჩუნებლად იყენებს პოლიტიკურ ბერკეტებს, და პირიქით, პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით ქმნის მონოპოლიებს. უნდა მოვახდინოთ დიდძალი ფულის და პოლიტიკის განქორწინება", - წერს სააკაშვილი.

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. სხვადასხვა დროს, მათ შორის მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს, მისი ქონების ღირებულება რამდენიმე მილიარდ დოლარს აღემატებოდა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტების 5 პროცენტი. 2021 წელს ქვეყნის მშპ 49,3 მილიარდი ლარი იყო.

"ნაციონალური მოძრაობა", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილია, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG