Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის წინადადებით, კოვიდ-19-ის სერტიფიკატები ერთი წლით შეიძლება გახანგრძლივდეს


ევროპის კავშირის აღმასრულებელი ორგანოს წინადადებით, კოვიდ-19-ის სერტიფიკატების სისტემა ერთი წლით შეიძლება გახანგრძლივდეს. სერტიფიკატების მიზანია პანდემიის დროს 27 წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის ხელის შეწყობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების დირექტორის, ჰანს კლუგეს, 3 თებერვლის ოპტიმისტური განცხადების მიუხედავად იმის შესახებ, რომ კონტინენტი ახლა პანდემიის "სავარაუდო ფინალის" ფაზაში შედის, ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ ვირუსი კვლავაც ძალიან გავრცელებულია მთელ ევროპაში.

"ამ ეტაპზე შეუძლებელია 2022 წლის მეორე ნახევარში ინფექციის შემთხვევების შესაძლო ზრდის ან ახალი ვარიანტების გამოჩენის დადგენა", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში. ევროპის კავშირის იუსტიციის კომისარმა დიდიე რეინდერსმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუ სქემის გახანგრძლივება ვერ მოხერხდა, ამან შესაძლოა, "დაბნეულობა და დაბრკოლებები" გამოიწვიოს, თუ მისი მოქმედების ვადა პანდემიის დასრულებამდე ამოიწურება.

კოვიდ-19-ის სერტიფიკატები ძალაში შევიდა ივლისში და წარმატებულ ინსტრუმენტად მიიჩნევა პანდემიის განმავლობაში ევროპის კავშირის მოქალაქეთა დასახმარებლად მოგზაურობისთვის შეზღუდვების გარეშე. ამ ეტაპზე, ევროპის კავშირის ქვეყნებმა 1,2 მილიარდ სერტიფიკატზე მეტი გასცეს. წინადადება მათი გახანგრძლივების შესახებ, რომელიც მათი მოქმედების ვადას 2023 წლის ივნისამდე გაზრდის, უნდა დამტკიცდეს ევროპის კავშირის წევრებისა და ევროპის პარლამენტის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG