საქართველოს პროკურატურამ პარლამენტის დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება 2021 წლის ოქტომბერში პარტიის ოფისთან მომხდარ ძალადობას.
დავით კირკიტაძის წინააღმდეგ სამართალწარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ჯგუფური ძალადობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.
"ბრალის წაყენებას აპირებენ დღეს ოთხის ნახევარზე. მათ ჰგონიათ, რომ ამით ხელს აგვაღებინებენ ან მე, ან ჩვენს მეგობრებს, იმ უამრავ მხარდამჭერს, იმ გეგმის განხორციელებაში, რომელიც არის უკეთესი ხვალინდელი დღე ჩვენი ქალაქისთვის... ისინი თავის ხელისუფლებას აფუძნებენ პოლიტიკურ პოლიციაზე, პოლიტიკურ ჟანდარმერიაზე, პროკურატურაზე. მათ უკან დგას ეს ხელისუფლება, მათ ზურგს აღარ უმაგრებს გაკეთებული საქმეები და მოქალაქეები", - თქვა დავით კირკიტაძემ "მთავარი არხის" ეთერში.
გარდა ამისა, პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა "ქართული ოცნების" ამავე ინციდენტში მონაწილე სამი მხარდამჭერი.
"პროტესტის გამოხატვისას, ვასილ ბალახაძესთან და მის თანმხლებ პირებთან პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, მათ შორის იმყოფებოდა დავით კირკიტაძეც, რომელმაც მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვასილ ბალახაძეს და მის თანმხლებ - ო.ყ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა. მომხდარი კონფლიქტის დროს ვასილ ბალახაძემ, შავლეგ მანდარიამ და ო.ყ.-მ, პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ორი პირის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა", - აცხადებს პროკურატურა.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიმართ პროკურატურა გამოძიებას იმავე მუხლით ატარებს, რომელიც კირკიტაძისთვის აქვს წაყენებული.
"რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა, რაც შეეხება პარლამენტის წევრ დავით კირკიტაძეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან ჩხუბი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის 24 ოქტომბერს მოხდა. ინციდენტის დროს დაშავდა 5 ადამიანი, სამი - "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე, ორი კი -"ქართული ოცნების".
გავრცელებულ ფოტო და ვიდეოკადრებში ჩანდა "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან მისული რამდენიმე პირი როგორ იმუქრებოდა ოპოზიციური პარტიის მისამართით, ისმოდა დაპირისპირებულ მხარეთა გინებაც. კადრებში ასახული იყო, როგორ ურტყამდა ერთ-ერთს ფეხს რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე.
დაწერეთ კომენტარი