Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები იხსნება


პეკინში 4 თებერვალს იხსნება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ჩინეთის დედაქალაქი პირველი ქალაქი იქნება ისტორიაში, რომელმაც უმასპინძლა როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და ეს გააკეთა სარეკორდო, 14 წლიანი ინტერვალით.

ჩინეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, აშშ-მა და მის კვალად ბევრმა ქვეყანამ, დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. ბოიკოტი სპორტსმენებს არ ეხება. ეს მხოლოდ ამ ქვეყნების სამთავრობო მოხელეების უარს გულისხმობს, დაესწრონ თამაშებს.

პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნას დასწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუმცა ოფიციალურად რუსეთის გუნდი ოლიმპიადაზე არ არის დაშვებული, დოპინგის დარღვევების გამო. რუსეთის წარმომადგენლები „ნეიტრალურ სპორტსმენებად“ ჩაერთვებიან ასპარეზობაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის დროშით.

პუტინი ოლიმპიური თამაშების გახსნას ესწრება არა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, არამედ ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიწვევით. მათ პოლიტიკური მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ერთობლივი განცხადება. ეს ჩინეთის ლიდერის პირველი შეხვედრა იყო უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელთან, პანდემიის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში.

პუტინის გარდა, თამაშების გახსნას დაესწრებიან ოცამდე ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის შუა აზიის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, არგენტინიდან, ლუქსემბურგიდან და მონაკოდან, ასევე ეგვიპტიდან და საუდის არაბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

პანდემიის გამო თამაშები ჩატარდება ე.წ. ბუშტში, რაც სპორტსმენების და ადგილობრივი მოსახლეობის კონტაქტს გამორიცხავს. 23 იანვრიდან, როცა ჩინეთში ოლიმპიური თამაშების პირველი მონაწილეების ჩასვლა დაიწყო, კორონავირუსის 300 შემთხვევა აღირიცხა, მათგან 100-ზე მეტი სპორტსმენთა შორის. ტრიბუნები მხოლოდ 30 პროცენტით შეივსება.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იმართება 4 თებერვლიდან 20 თებერვლამდე, გათამაშდება მედლების 109 კომპლექტი 15 დისციპლინაში, სპორტის ყველა სახეობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG