აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის, თქმით, უკრაინის ირგვლივ სიტუაციის ესკალაციის გამო ევროპაში „არსებობს დიდი ომის საფრთხე“. ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა ისაუბრა რუსულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში, რომელშიც კიდევ ერთხელ განმარტა ვაშინგტონის პოზიცია ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კომენტარი გააკეთა, კერძოდ, რუსეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე, თითქოს ნატოს გაფართოება არღვევდეს ე.წ. „უსაფრთხოების განუყოფლობის“ პრინციპს. ნულანდის თქმით, „უსაფრთხოების განუყოფლობას“ საფრთხეს უქმნის სწორედ რუსეთი, რომელიც „შეიჭრა საქართველოში, ინარჩუნებს სამხედრო ძალას მოლდოვაში, ამ ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, ამას გარდა, მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში".
ინტერვიუში ნულანდმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს დონბასის კონფლიქტის თაობაზე მიღწეული მინსკის შეთანხმებების დაცვას და მოუწოდა რუსეთს, რომ შეწყვიტოს სეპარატისტების სამხედრო დახმარება და გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები უკრაინის მიწიდან. რუსეთი უარყოფს თავისი სამხედრო მოსამსახურეების ყოფნას დონბასში და მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაში კიევს ადანაშაულებს.
გაეროს თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, 2014 წლიდან მიმდინარე კონფლიქტში დღემდე 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
უკანასკნელ ხანებში იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში ახალ სამხედრო ინტერვენციას ამზადებდეს. დასავლეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა თავმოყრილი. მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრისთვის მზადებას.
დაწერეთ კომენტარი