Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს შეცვლის


გერჰარდ შრიოდერი

მოელიან, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, რომელიც კომპანია Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარეა, რუსულ ენერგეტიკულ გიგანტ „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბევის სიძის, ტიმურ კულიბაევის, ადგილს დაიკავებს.

როგორც „გაზპრომის“ 4 თებერვლის ცნობაშია მითითებული, დირექტორთა საბჭოს ახალ კანდიდატებს კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, ივნისის ბოლოს დაამტკიცებენ.

ტიმურ კულიბაევმა, რომელიც 2011 წლიდან არის „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს წევრი, ყაზახეთში მომხდარი სისხლისმღვრელი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ დატოვა ყაზახეთის მეწარმეთა ეროვნული პალატის, „ატამეკენის“, თავმჯდომარის პოსტი. ალმათის მოვლენების შემდეგ, ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის კიდევ ორი სიძე, კაირატ შარიპბაევი და დოიმაშ დონასოვი, ასევე დაითხოვეს ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიებიდან, სადაც ისინი წამყვან თანამდებობებს იკავებდნენ.

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი 2017 წლის სექტემბერში რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაამტკიცეს.


„როსნეფტი“ შედის იმ კომპანიების სიაში, რომლებზეც ვრცელდება ევროკავშირის სანქციები, შემოღებული რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. შრიოდერი ასევე ხელმძღვანელობს „ჩრდილოეთის ნაკადის“ აქციონერთა კომიტეტს: „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსეთი ბუნებრივ აირს აწვდის გერმანიას. ამ პროექტის აქციების უმრავლესობის მფლობელია რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“.

შრიოდერი არ არის რუსული კომპანიების დირექტორთა საბჭოში გაწევრიანებული ერთადერთი ყოფილი ევროპელი მაღალჩინოსანი.

გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსეთის ნავთობის, გაზის და ქიმიის უმსხვილესი ინტეგრირებული კომპანიის, „სიბურ“-ის, დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.

2021 წლის ივლისიდან ფრანსუა ფიიონი კიდევ ერთი რუსული კომპანიის, „ზარუბეჟნეფტი“-ის, დირექტორთა საბჭოს წევრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG