საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოსთან მიდის მოლაპარაკება განჯის ჭიშკრის გადაცემის შესახებ. როგორც საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას.
"აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი ადასტურებს, მათ შორის კულტურის მიმართულებით. რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას.
შესაბამისად აღნიშნული საკითხი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში" - ამბობს მარი ნარჩემაშვილი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს განჯის ჭიშკრის დაბრუნებაზე, რომელიც გელათის მონასტერში ინახება, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა 3 თებერვალს, ადგილობრივ მედიასთან გააჟღერა განჯაში ყოფნის დროს.
დაწერეთ კომენტარი