Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერები: უკრაინის თაობაზე დასავლეთმა რუსეთს „მკაფიო და თანამიმდევრული მესიჯი უნდა გაუგზავნოს“


ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 4 თებერვალს გამართეს სატელეფონო საუბარი, რომელზეც შეთანხმდნენ, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა რუსეთს უნდა გაუგზავნონ „მკაფიო და თანამიმდევრული მესიჯი“ იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რაც უკრაინაში ინტერვენციას მოჰყვება.

სატელეფონო საუბრის შემდეგ ბრიტანეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯონსონი და შოლცი შეთანხმდნენ, გააგრძელონ კონტაქტები სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ყოვლისმომცველი სანქციების პაკეტის შესახებ. „ეს სანქციები მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ დაუყოვნებლად შევიდეს ძალა რუსეთის მხრიდან უკრაინაში მორიგი ინტერვენციის შემთხვევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარალელურად ბერლინი და ლონდონი გააგრძელებენ დიპლომატიურ ძალისხმევას და ღიას ტოვებენ დიპლომატიურ არხებს რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია უკრაინის გარშემო.

4 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით „15 თებერვალს ესტუმრება და მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელიც 4 თებერვალს ჩინეთში შეხვდა ქვეყნის ლიდერ სი ძინ პინს.

მანამდე გერმანიის კანცლერი აშშ-ში ჩავა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება აუცილებელი საკითხების განსახილველად.

რუსეთში გერმანიის კანცლერის მოსალოდნელი ვიზიტის ფონია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის შედეგად შექმნილი დაძაბული საერთაშორისო ვითარება. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციისათვის ემზადება.

რუსეთი უარყოფს ასეთ სამზადისს და ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებს კიევს, რომელიც, მისი შეფასებით, უარს ამბობს მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების რეალიზებაზე და ამზადებს ნიადაგს სამხედრო ძალით არაკონტროლირებადი დონეცკისა და ლუგანსკის პრობლემის გადასაჭრელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG