Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IDFI-მ აჭარის სამარხში აღმოჩენილ მსხვერპლთა სია გამოაქვეყნა


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 3 თებერვალს პოლონელმა სპეციალისტებმა აჭარაში სრულად გახსნეს მასობრივი ტერორის მსხვერპლთა №6 სამარხი. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სულ ნაპოვნია 29 ადამიანის ნეშტი.

როგორც IDFI აცხადებს, სამარხში აღმოჩენილი ნეშტების რაოდენობა ემთხვევა 1938 წლის 15 მარტის განაჩენის აღსრულების აქტში არსებულ რეპრესირებულთა რაოდენობას. ორგანიზაციამ შეისწავლა სხვადასხვა დღეს შედგენილი განაჩენის აღსრულების აქტები, რომლებიც დაცულია შსს-ს არქივში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, გოგლიძის 1938 წლის 11 მარტის მიმართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ზაქარაიას ბრძანებით, 1938 წლის 15 მარტს, ღამის 4 საათზე დახვრიტეს 29 ადამიანი.

IDFI-ის ცნობით, აღმოჩენილ ნეშტებს ხელები უკან აქვთ შეკრული, ხოლო თავის ქალაზე აღენიშნებათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა - ზუსტად ისეთი ნახვრეტი, როგორიც აღენიშნებათ სხვა ქვეყნებში მსგავს ადგილებში აღმოჩენილ, საბჭოთა დიდი ტერორის დროს დახვრეტილი ადამიანების თავის ქალებს. გარდა ამისა, სამარხები, რომელიც წარმოადგენს წინასწარ გათხრილ დიდ ორმოებში ერთად მოთავსებული ათეულობით ადამიანის ნეშტს (რომელსაც შემდეგ სავარაუდოდ მიწის ერთიანი მასა გადააყარეს), სხვა ქვეყნებში აღმოჩენილი ანალოგიური ადგილების იდენტურია.

ეს ადამიანები იყვნენ:

1. აშრაფიანი ფილიპე ივანის ძე - დაბ. 1868 წ.

2. ასატურიანი არუთუნ გეორგის ძე - დაბ. 1906 წ.

3. ანდღულაძე ილარიონ იასონის ძე - დაბ. 1887 წ.

4. აბაშიძე ისმაილ ჰუსეინის ძე - დაბ. 1904 წ.

5. ალეკპეროვი ჰუსეინ ალეკპერის ძე - დაბ. 1869 წ.

6. ბულეიშვილი გერასიმე პეტრეს ძე - დაბ. 1884 წ.

7. ბატტი მიხაილ მიხაილის ძე - დაბ. 1868 წ.

8. ვერეშკო ანტონ ანტონის ძე - დაბ. 1863 წ.

9. გოლიაძე პართენ ამბაკოს ძე - დაბ. 1878 წ.

10. გაგუა სერაპიონ სიმონის ძე - დაბ. 1885 წ.

11. გორდელაძე გიორგი იოსების ძე - დაბ. 1893 წ.

12. გობრონიძე ირაკლი გიორგის ძე - დაბ. 1883 წ.

13. ერშოვი ევგენი ვასილის ძე - დაბ. 1890 წ.

14. ჟულჩენკო სიმონ დიმიტრის ძე - დაბ. 1905 წ.

15. კრომლიდი ფილიპ გეორგის ძე - დაბ. 1903 წ.

16. ლოპატინი ტიმოფეი პროკოფის ძე - დაბ. 1892 წ.

17. მხჩიანი არამ გრიგორის ძე - დაბ. 1898 წ.

18. მანჯგალაძე (პოპოვა) მირა ვალერიანის ასული - დაბ. 1908 წ.

19. ნიკოლაიშვილი ნიკოლოზ თაყას ძე - დაბ. 1881 წ.

20. რუსეიშვილი ირაკლი მოსეს ძე - დაბ. 1897 წ.

21. ტოლმაჩევი დემიან ფიოდორის ძე - დაბ. 1890 წ.

22. ტანტ-ოღლი მევლუდ აჰმედის ძე - დაბ. 1892 წ.

23. თოდუა ლეონიდე სიმონის ძე - დაბ. 1893 წ.

24. ხარაიშვილი სიმონ დავითის ძე - დაბ. 1895 წ.

25. ხალვაში აბდულა ისკენდერის ძე - დაბ. 1905 წ.

26. ცეცხლაძე რიზა თემურის ძე - დაბ. 1917 წ.

27.ცინცაძე გრიგოლ მაქსიმეს ძე - დაბ. 1905 წ.

28. ჩაგანავა ნილოზი მელიტონის ძე - დაბ. 1910 წ.

29. ჩხაიძე გედევან ქიშვარდის ძე - დაბ. 1908 წ.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, სამარხებში ასევე აღმოჩენილია 1930 წლიდან 1936 წლის ჩათვლით მოჭრილი საბჭოური მონეტები (კაპიკები). ღილები, სავარცხელი, ბოთლის ნამსხვრევები, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ნარჩენები.

IDFI აღნიშნავს, რომ ნეშტების განცალკევების შემდეგ დაიწყება მათი ანთროპოლოგიური შესწავლის პროცესი.

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) დელეგაცია 24 იანვრიდან მუშაობს აჭარაში აღმოჩენილი მასობრივი ტერორის მსხვერპლთა რიგით მეექვსე სამარხიდან ნეშტების ამოსვენებასა და შესწავლაზე. ისინი საქართველოში იმყოფებიან ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოწვევით.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შესწავლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ 1938 წლის 15 მარტს დახვრეტილებს შორის ქალიცაა - 30 წლის მანჯგალაძე (პოპოვა) მირა ვალერიანის ასული. მისი ნეშტის იდენტიფიცირების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სამარხის დათარიღება 100%-იანი სიზუსტით.

IDFI-ის მიერ არქივებში ჩატარებული კვლევით, 1937-1938 წლებში სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციის შედეგად (როგორიც არის კულაკური ოპერაცია, სტალინური სიები, ნაციონალური ოპერაციები და სხვა) აჭარაში სულ 1050 ადამიანი დახვრიტეს. კვლევით დადგინდა, რომ ამ 1050 ადამიანს შორის იყო 11 ქალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG