ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანი საკოორდინაციო პრეზიდიუმის წევრის, პავალ ლატუშკას, წინააღმდეგ, რაც დიდი ოდენობით ქრთამის აღებას შეეხება. ეს არის რიგით მე-7 სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ოპოზიციონერი ბელარუსი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღიძრა.
საფინანსო საქმეების საგამოძიებო დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ 2012 წელს, როდესაც ლატუშკა ბელარუსის კულტურის მინისტრად მუშაობდა, აუდიო და კინოპროდუქციის წარმოებით დაკავებული ერთ-ერთი კერძო კომპანიის ხელმძღვანელისგან ქრთამის სახით 10 000 დოლარი აიღო. პავალ ლატუშკას წინააღმდეგ მანამდე აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ანგარების მიზნით თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების გადამეტებას შეეხებოდა.
ლატუშკა, ყოფილი დიპლომატი და კულტურის მინისტრი, რომელიც ბელარუსის ოპოზიციას შეუერთდა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, ბელარუსის რეჟიმის მიერ მის წინააღმდეგ განხორციელებული დევნის გამო, ამჟამად პოლონეთში იმყოფება.
2021 წლის დეკემბერში მინსკის სასამართლომ ექსტრემისტულად ცნო ტელეგრამის არხებში, იუტუბსა და სხვა სოციალურ მედიაში პავალ ლატუშკას მიერ გავრცელებული მასალები.