Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდას იმედოვნებს


კადრი სიმსონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში
კადრი სიმსონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში

ევროკავშირს კომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი 4 თებერვალს ბაქოს ეწვია, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისა და ევროპის კონტინენტის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში.

4 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ ევროპას სურს 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა.

„ასეთი გაზრდა მნიშვნელოვანია ბუნებრივი აირის დეფიციტისა და ენერგეტიკულ ბაზარზე ფასების ზრდის ფონზე“, - განაცხადა კადრი სიმსონმა.
ევროკავშირის დელეგაციაში იმყოფებოდნენ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის, ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები.

სიმოსნი და ალიევი ერთმანეთს შეხვდნენ ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის მინისტრების მერვე შეხვედრის ფარგლებში. აღნიშნული დერეფანი უზრუნველყოფს კასპიის ზღვაში მოპოვებული ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებას.
ილჰამ ალიევის თანახმად, შარშან აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული იქნა 19 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. აქედან 8,5 მილიარდი კუბური მეტრი - თურქეთში, 7 მილიარდი კუბური მეტრი - იტალიაში, ხოლო დანარჩენი საქართველომ, საბერძნეთმა და ბულგარეთმა შეიძინეს.

მთლიანობაში აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგი 2,6 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ბუნებრივი აირის ყველაზე დიდ საბადოდ ითვლება „შაჰდენიზი“, რომლის მოცულობა 1 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

XS
SM
MD
LG