Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში აშშ-ის პირველი კონტინგენტი ჩავიდა, მოსალოდნელია მეტი სამხედროს განთავსება


აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი პოლონეთში. 2022 წლის 4 თებერვალი

აშშ-ის პირველი ქვედანაყოფი ჩავიდა პოლონეთში ნატოელი მოკავშირეების თავდაცვის გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ევროპაში, რისი ფონიც უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმოყრაა.

ამერიკელი სამხედროები პოლონეთში ჩავიდნენ და 5 თებერვალს განთავსდებიან ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ბაზაზე. პოლონეთის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „როგორც გამოცხადებული იყო, აშშ-ის არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო ჯგუფის პირველი ნაწილები პოლონეთში ჩამოვიდნენ“.

გასულ კვირაში ვაშინგტონმა განაცხადა, რომ პოლონეთსა და რუმინეთში გააგზავნის დამატებით სამი ათასამდე სამხედროს, რათა დაიცვას აღმოსავლეთი ევროპა უკრაინაში კრიზისის აღმოსავლეთ ევროპაზე შესაძლო გავრცელების შემთხვევაში.

პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ ევროპაში განთავსებისთვის მზად არის ორი ათასამდე სამხედრო. ისინი პოლონეთსა და გერმანიაში ჩავლენ. ამას გარდა, გერმანიაში ახლა მყოფი ათასამდე სამხედრო რუმინეთში იქნება გადაყვანილი.

რუსეთმა უკრაინასთან თავის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში თავი მოუყარა ასი ათასამდე სამხედროს და მძიმე ტექნიკას, რაც, აშშ-ის აზრით, ამ ქვეყანაში შეჭრის პრელუდია შეიძლება იყოს.

აშშ-მა და ნატომ გააფრთხილეს რუსეთი, რომ შეჭრის შემთხვევაში, მას მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ და მეტ იარაღს მიაწვდიან უკრაინას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG