Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის ოფიციალური პირის გაფრთხილებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა „ყოველდღეა“ მოსალოდნელი


ამერიკელი სამხედროები პოლონეთში, 6 თებერვალი, 2022.წელი
ამერიკელი სამხედროები პოლონეთში, 6 თებერვალი, 2022.წელი

რუსეთი, შეიძლება, უკრაინაში რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში შეიჭრას, - განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, ამერიკული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში 6 თებერვალს.

"ფანჯარაში ვართ. რუსეთმა უკვე ნებისმიერ დღეს შეიძლება მიმართოს სამხედრო მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ ან, შესაძლოა, ორიოდე კვირაში, ან კიდევ რუსეთს შეუძლია აირჩიოს დიპლომატიური გზა ამის ნაცვლად", - განაცხადა სალივანმა Fox News-თან საუბრისას.

რუსეთის ნებისმიერი შესაძლო ქმედება შეიძლება მოიცავდეს უკრაინის დონბასის რეგიონის ანექსიას, კიბერშეტევებს ან უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას, განაცხადა მან სხვა, NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. სალივანმა თქვა ასევე, რომ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ის არ უგზავნის ჯარებს ნატოელ მოკავშირეებს რუსეთთან ომის დასაწყებად ან რუსეთთან უკრაინაში საომრად.

სალივანმა ეს თქვა მას შემდეგ, რაც 6 თებერვალს ამერიკის ჯარების დიდი კონტინგენტი პოლონეთში ჩავიდა, ნატოს წევრი ქვეყნების დაცვის გაძლიერების მიზნით.

აშშ-ის არმიის 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის მედესანტეები დაეშვნენ ჟეშუვის აეროპორტში, სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში. დივიზიის მეთაურმა გენერალმა აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯარების იქ განთავსება არის გონივრული და „თავდაცვითი ხასიათის“ ნაბიჯი. დამატებითი ძალები აქ არიან, „რათა აიმაღლონ მზადყოფნა, ოპერატიული შეთავსებულობა ყველა სფეროში ჩვენს პოლონელ მოკავშირეებთან და საჭიროების შემთხვევაში, დაიცვან ნატოს ნებისმიერი ნაწილი“, - თქვა კრის დონაჰიუმ. „ცხადია, რომ ამ გაურკვევლობის დროს, ვიცით, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ“,- დასძინა მან.

გასულ კვირაში აშშ-მა გამოაცხადა გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის დამატებითი ჯარის განთავსების შესახებ, რისი მიზანიცაა, რომ აიძულონ რუსეთი გაიყვანოს თავისი ჯარი, ასი ათასზე მეტი სამხედრო, უკრაინის საზღვრის მიმდებარე არეალიდან.

პოლონეთში, რომელიც ნატოს წევრია 1999 წლიდან, როტაციის საფუძველზე უკვე განთავსებულია 4500 ამერიკელი სამხედრო. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ 1700 ჯარისკაცისგან შემდგარი აშშ-ის დამატებითი კონტინგენტი განთავსდება "პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე". ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი 5 თებერვალს ჩავიდა პოლონეთში. ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ "უახლოეს საათებში" კიდევ უფრო მეტი ჩამოვა.

დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს უკრაინაში შესაძლო შეჭრაში. მოსკოვი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ მას მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სურს და ნატოს გამომწვევ ქცევაში ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG