Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ონლაინ გამოსვლა შესთავაზეს


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ონლაინ-რეჟიმში. 2021 წელი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ონლაინ-რეჟიმში. 2021 წელი.

მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება და რომელიც თებერვალში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და კიდევ 35 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები. ჰარისს ოფიციალურად არ დაუდასტურებია მონაწილეობა, მაგრამ ორგანიზატორები მოელიან მის მონაწილეობას, იტყობინება სააგენტო დე-პე-ა კონფერენციის თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის ნათქვამზე დაყრდნობით.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, როგორც მისმა პრეს-მდივანმა, დმიტრი პესოკმა, განაცხადა, წელს არ აპირებს ფორუმში მონაწილეობას. მაგრამ იშინგერის თანახმად, მან პუტინს შესთავაზა კონფერენციაზე თავისი პოზიციის გამოხატვა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში.

„დოიჩე ველეს“ მოჰყავს იშინგერის სიტყვები, რომ „არავითარ შემთხვევაში არ მსურს გამოვრიცხო რუსეთი. გამოიყენებს თუ არა მოსკოვი შესაძლებლობას, თავისი პოზიცია ნატოსა და აშშ-ის მიმართ არა მხოლოდ წერილობით გამოხატოს, არამედ გააცნოს ის კომპეტენტურ და მაღალი რანგის საზოგადოებას კიდევ ერთხელ, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული“, - თქვა იშინგერმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ითვლება ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებში უდიდეს კონფერენციად. შარშან ის პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. წელს, ე.წ. ომიკრონის შტამის გავრცელების მიუხედავად, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, კონფერენცია ჩვეულებრივ რეჟიმში გამართონ და განაცხადეს, რომ უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკოსების შეხვედრების „კოლოსალური მოთხოვნილებაა, კონფერენცია გაიმართება 18-20 თებერვალს, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით. მასში ამჯერად 600 პირი მიიღებს მონაწილეობას. მიუნხენში მოელიან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის; ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს; ევროკომისიის თავმჯდომარეს, ურზულა ფონ დერ ლაინენს. აშშ-იდან ჰარისთან ერთად ჩავლენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და კონგრესის 30-მდე წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG