ფოტოგრაფი ულაძ ჰრიდზინი, რომელიც რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან თანამშრომლობდა, მინსკში დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. ამის შესახებ ჰრიდზინის ნათესავებმა განუცხადეს რადიო თავისუფლებას. ფოტოგრაფის ნათესავებმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს უთხრეს, რომ მისი სასამართლო ორშაბათისთვისაა დანიშნული. AP-ის თანახმად, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციამ ასევე დაადასტურა ჰრიდზინის დაკავება.
ჰრიდზინთან კავშირი 4 თებერვალს გაწყდა, იტყობინებიან მისი ნათესავები, რომლებმაც მას სახლში მიაკითხეს 6 თებერვალს და ნახეს, რომ ბინა გაჩხრეკილი იყო. მათი თქმით, ნივთები იატაკზე ეყარა, მისი ლეპტოპი და ფოტოაპარატი წაღებული დახვდათ. ნათესავების თქმით, მოგვიანებით მათ გაიგეს, რომ ფოტოგრაფი აკრესტინის წინასწარი დაკავების ცენტრში იმყოფებოდა. ბევრი ყოფილი პატიმრის თქმით, მათ იქ აწამებდნენ.
ჰრიდზინი რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურისთვის მუშაობდა 2020 წლის 29 აგვისტომდე, სანამ ხელისუფლება მას აკრედიტაციას შეუწყვეტდა.
ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციამაც დაადასტურა, რომ ჰრიდზინი მინსკის წინასწარი დაკავების ცენტრში წაიყვანეს, მაგრამ მისთვის წაყენებული ბრალდებები ცნობილი არ არის. ასოციაციის თანახმად, ჰრიდზინის ადვოკატს არ მისცეს მასთან შეხვედრის უფლება, იტყობინება AP.
დაწერეთ კომენტარი