საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს ჩადის მოსკოვში, რათა რუსეთის ლიდერთან უკრაინის გარშემო შექმნილი კრიზისის თაობაზე იმსჯელოს. ამის შემდეგ, სამშაბათს, მაკრონი კიევში ჩავა.
ელისეს სასახლის თანახმად, ორივე ვიზიტი არის მოლაპარაკების მცდელობა უკრაინის გარშემო კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით.
მანამდე ემანუელ მაკრონი სამჯერ ესაუბრა პუტინს ტელეფონით როგორც უკრაინის გარშემო განვითარებული პროცესების, ისე უსაფრთხოების თაობაზე რუსეთის მიერ აშშ-ისა და ნატოსადმი წამოყენებული მოთხოვნების თაობაზე.
გამოცემა Journal du Dimanche-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მაკრონმა აღნიშნა, რომ დასავლეთს შეუძლია გააფორმოს რუსეთთან ისეთი შეთანხმება, რომელიც მას თავიდან აარიდებს სამხედრო კონფლიქტს. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპელი ძმები, შევთავაზოთ მათ ახალი ბალანსი, რომელიც უზრუნველყოფს სუვერენიტეტისა და მშვიდობის დაცვას. ეს უნდა მოხდეს რუსეთის პატივისცემით და ამ დიდი ერისა და დიდი ქვეყნის თანამედროვე ტრავმების გათვალისწინებით“, - მოჰყავს ემანუელ მაკრონის სიტყვები რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს.
უკრაინის გარშემო ევროპაში შექმნილი დაძაბული სიტუაციის ფონზე, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრისგან კრემლში „გადამჭრელ გარდატეხას“ არ მოელიან. მაგრამ როგორც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უთხრა ჟურნალისტებს, ვიზიტამდე გამართული ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს, ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინთან განაცხადა, რომ მოსკოვში მიემგზავრება გარკვეული იდეით, რომელიც ევროპაში დაძაბულობის განმუხტვის შესაძლო ვარიანტის გამოძებნას ისახავს მიზნად.
რუსეთში ვიზიტის წინ პრეზიდენტი მაკრონი ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ ბაიდენს.
სააგენტო Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენის და მაკრონის 40-წუთიანი საუბარი იყო კარგი შესაძლებლობა კოორდინაციისთვის, რუსეთში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის წინ.
დაწერეთ კომენტარი