Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლში დაიწყო ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკება


პუტინისა და მაკრონის შეხვედრა
პუტინისა და მაკრონის შეხვედრა

კრემლში მიმდინარეობს მოლაპარაკება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, რომლებიც პირისპირ შეხვედრის შემდეგ საუბარს სამუშაო სადილზეც გააგრძელებენ და სულ ბოლოს ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
პირისპირ შეხვედრის დაწყების წინ პუტინმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელიც ძალისხმევას არ აკლებს ევროპაში უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის რეალიზებას და უკრაინაში კრიზისის მოწესრიგებას.

ემანუელ მაკრონმა შეხვედრის დაწყების წინ იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი მოლაპარაკება შესაძლოა გახდეს აღმოსავლეთ ევროპაში დეესკალაციის დასაწყისი და ორი პრეზიდენტი შეძლებს ისეთი ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მათ ომის თავიდან აცილების შესაძლებლობას მისცემს.

მანამდე ემანუელ მაკრონი სამჯერ ესაუბრა პუტინს ტელეფონით როგორც უკრაინის გარშემო განვითარებული პროცესების, ისე უსაფრთხოების თაობაზე რუსეთის მიერ აშშ-ისა და ნატოსადმი წაყენებული მოთხოვნების თაობაზე.

გამოცემა Journal du Dimanche-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მაკრონმა აღნიშნა, რომ დასავლეთს შეუძლია გააფორმოს რუსეთთან ისეთი შეთანხმება, რომელიც მას თავიდან აარიდებს სამხედრო კონფლიქტს. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპელი ძმები, შევთავაზოთ მათ ახალი ბალანსი, რომელიც უზრუნველყოფს სუვერენიტეტისა და მშვიდობის დაცვას. ეს უნდა მოხდეს რუსეთის პატივისცემით და ამ დიდი ერისა და დიდი ქვეყნის თანამედროვე ტრავმების გათვალისწინებით“, - მოჰყავს ემანუელ მაკრონის სიტყვები რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს.

ამასთან, შეხვედრის დაწყების წინ, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკების დაწყებას ოპტიმიზმით ელოდება, სპონტანური სასწაულის იმედი არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG