Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და გერმანია მზად არიან ერთიანად დაუპირისპირდნენ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის მუქარას


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თეთრ სახლში შეხვდნენ ერთმანეთს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის მზარდი აგრესიის შესახებ სასაუბროდ.

მოლაპარაკების პროცესში ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ ბერლინისა და ვაშინგტონის პოზიციები ამ საკითხში თანხვედრაშია.
„ჩვენ ვდგამთ კოორდინირებულ ნაბიჯებს ევროპაში რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად“ და ასევე „ჩინეთიდან მომდინარე პრობლემების“ გადასაჭრელად, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერის რანგში, 7 თებერვალს პირველად ეწვია თეთრ სახლს. აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ აშშ და გერმანია, როგორც „ყველაზე ახლო მოკავშირეები, მზად არიან ინტენსიური ერთობლივი მუშაობისთვის“. ოლაფ შოლცმა დაადასტურა ასევე მზადყოფნა, რომ რუსეთს დაეკისროს ახალი სანქციები იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი კვლავ ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

მოელიან, რომ მომდევნო კვირაში გერმანიის კანცლერი კიევს, შემდეგ კი მოსკოვს ესტუმრება.

2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.

XS
SM
MD
LG