Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სამინისტრომ კომპიუტერული თამაშის, "დიდგორის" შექმნა დააფინანსა


საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნება. სამინისტროს პრესსამსახურის თანახმად, 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ტრეილერის პრეზენტაცია გაიმართა.

"პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება. დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავი სტრატეგიული თამაშის მეშვეობით მოხდა ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათის აღდგენა. თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს", - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, თამაშს კომპანია „სილესტიალ დიმენშენი“ პროექტის, "ძლევაი საკვირველის" ფარგლებში ქმნის.

"სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით", - ვკითხულობთ პრესრელიზში.

რადიო თავისუფლებამ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს ჰკითხა, რა თანხაა გამოყოფილი ამ თამაშის დასამზადებლად. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა მოწოდებული ინფორმაციით განახლდება.

900 წლის წინ, 1121 წლის 12 აგვისტოს, დავით აღმაშენებელმა დიდგორი მოიგო. საქართველოს ისტორიაში ეს დღე „ბრძოლაი საკვირველის“ სახელით შევიდა.

ამ ბრძოლისთვის ორივე მხარე დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. საბოლოოდ, 12 აგვისტოს ერთმანეთის პირისპირ დადგა ქართული ჯარი, დავით აღმაშენებლის მეთაურობით და თურქ-სელჩუკების გაერთიანებული ლაშქარი, რომელსაც გამოცდილი სარდალი ილღაზი უძღვებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG