Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემანუელ მაკრონი რუსეთიდან უკრაინაში ჩავიდა


ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი, საარქივო ფოტო.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსკოვიდან ჩაფრინა კიევში, სადაც მისი სამუშო ვიზიტი დაიწყება. საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად კიევში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი. უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ემანუელ მაკრონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. პარალელურად ერთმანეთს შეხვდებიან უკრაინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

უკრაინული და ფრანგული გამოცემები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი უკრაინაში ბოლო 24 წლის განმავლობაში.

ემანუელ მაკრონი კიევში ჩავიდა მოსკოვიდან, სადაც წუხელ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის გარშემო სიტუაციის დეესკალაციისთვის გადამწყვეტად მიიჩნევს მომდევნო რამდენიმე დღეს. მოსკოვში გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ განიხილეს გარკვეული შეხების წერტილები და დეესკალაციის საშუალებები.

2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG