Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაჭვლიანის თქმით, დეპუტატობის დროს საძინებელში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა


სოსო ჯაჭვლიანი

საქართველოს პარლამენტის (2012-2016 წლების) ყოფილმა წევრმა „ქართული ოცნებიდან“, სოსო ჯაჭვლიანმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს, 2015 წელს, საძინებელში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა. ჯაჭვლიანი იმედს გამოთქვამს, რომ მის განცხადებას დაადასტურებს ყოფილი დეპუტატი მმართველი პარტიიდან, ლუკა კურტანიძე. როგორც მან აღნიშნა, თუკი კურტანიძე მის განცხადებას არ დაადასტურებს, მზად არის ბოდიში მოიხადოს.

„2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში, მაშინ ქუთაისში იყო პარლამენტი და იქ ვცხოვრობდით. ლუკას ვუთხარი, წამოდი ჩემთან სახლში, ორი საძინებელი მაქვს, არ გინდა, რომ დაიქირაო და მეუღლესთან ერთად, როცა გინდა იყავი ჩემთან და ერთად ვიყოთ... დილით დგება ლუკა და მეძახის, მაჩვენებს ვიდეოკამერას, რომელიც დამონტაჟებულია მის საძინებელში, იმ სახლში, რომელიც მე მქონდა ნაქირავები. მეორე საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა“, - თქვა ჯაჭვლიანმა. ყოფილ დეპუტატს მიაჩნია, რომ სახლში მის საქმიანობას ორი წლის განმავლობაში იღებდნენ.

წამყვანის შეკითხვაზე, ხელისუფლების დამონტაჟებული იყო? ჯაჭვლიანი პასუხობს: „არ ვიცი ვისი დამონტაჟებული იყო, აბა, ვინ დაამონტაჟებდა?! შეიძლება „ნაციონალების“ დამონტაჟებული იყო, არა?! ყველაფერი შეიძლება“.

კიდევ ერთ შეკითხვაზე, „ქართული ოცნების“ ლიდერები უმრავლესობის დეპუტატებს უთვალთვალებდნენ? „ალბათ“, - უპასუხა სოსო ჯაჭვლიანმა.

ყოფილმა დეპუტატმა თქვა, რომ ის ლუკა კურტანიძესთან ერთად შეხვდა ირაკლი სესიაშვილს (პარლამენტის იმდროინდელ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს) და ფაქტის შესახებ უამბო, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

შეკითხვაზე, რატომ არ თქვით აქამდე, ჯაჭვლიანმა უპასუხა: „სადაც საჭირო იყო, იქ ყველგან ვთქვი“.

პარლამენტის ყოფილი წევრი მზად არის ჩვენების მისაცემად. შესაბამისი სამართალდამცავი უწყების პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რადიო თავისუფლება ცდილობს ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG