რუსეთის ექვსი სამხედრო გემი ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში მიემართება სამხედრო მანევრებში მონაწილეობის მისაღებად. სამხედრო წვრთნის ფონია დასავლეთთან გამწვავებული ურთიერთობები რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის გამო, რაც, როგორც ფიქრობენ, შესაძლოა უკრაინაში შეჭრისთვის მზადებას ნიშნავდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 თებერვალს განაცხადა, რომ ბალტიის ფლოტისა და ჩრდილოეთის ფლოტის გემები „დაგეგმილი წესით“ გადიან ბოსფორის სრუტეში, რათა შავ ზღვაში მონაწილეობა მიიღონ წინასწარ გამოცხადებულ სამხედრო სწავლებაში.
გემები 8 და 9 თებერვალს გადიან თურქეთის წყლებში, იტყობინება Reuters-ი თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
კანონის თანახმად, ნატოს წევრ თურქეთს შეუძლია სრუტე ჩაკეტოს, თუკი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს.
ძალის დემონსტრირება ნაწილია სამხედრო სწავლებებისა, რომელთაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ.
გასულ თვეში თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო სწავლება, რომელშიც 140 ხომალდი და 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და აცხადებს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე სადაც სურს, იქ გადააადგილებს ჯარებს.
დაწერეთ კომენტარი