Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანთან ბირთვული შეთანხმება კიდევ უფრო მოახლოვდა - ვენაში მოლაპარაკება განახლდა


არაპირდაპირი მოლაპარაკება ვენაში აშშ-ს და ირანს შორის ისტორიული ბირთვული შეთანხმების აღდგენის გარშემო, განახლდა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეთანხმების მიღწევა მოახლოვდა. მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობენ ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, მათთან ერთად, არაპირდაპირ, აშშ, 28 იანვარს შეჩერდა, რათა დიპლომატებს მისცემოდათ თავიანთ მთავრობებთან კონსულტაციების შესაძლებლობა.

მოლაპარაკება განახლდა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ბოლო პერიოდში განაცხადეს წინსვლის შესახებ. მათი მიზანია, კვლავ ამოქმედდეს 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის მიზნით, რათა თეირანს ვერ განევითარებინა ბირთვული იარაღი. ირანი ყოველთვის უარყოფდა, რომ ასეთი მიზანი ჰქონდა.

მოლაპარაკების პროცესთან დაახლოებულმა წყარომ სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ დელეგაციები ვენაში ჩავიდნენ 8 თებერვალს.

2015 წელს ირანმა მსოფლიოს ქვეყნებთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის პირობებით, თეირანს უნდა შეეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა და დასავლეთს სანაცვლოდ უნდა გაეუქმებინა ირანისთვის დაწესებული, ბირთვულ სფეროსთან დაკავშირებული ეკონომიკური სანქციები.

2018 წელს აშშ-მა დატოვა შეთანხმება და ირანს მკაცრი სანქციები დაუწესა, რის საპასუხოდაც ირანმა ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმა.

შარშან აპრილის შემდეგ მხარეებმა შეთანხმების აღდგენის მიზნით მოლაპარაკების რვა რაუნდი გამართეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG