Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ პენიტენციურს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაავალა


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა სხდომაზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, დაავალა სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს დაცული, მას არ დაემუქროს საფრთხე და მიიღოს არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება.

სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, შუამდგომლობით მოითხოვეს სააკაშვილს გაეწიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური მომსახურება, მასთან შეუშვან ცენტრ “ემპათიის” ექიმთა კონსილიუმი. მიხეილ სააკაშვილის ექიმი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ, 30 დეკემბრიდან აღარ მისცემია მისი ნახვის საშუალება.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განჩინებით, პენიტენციური სამსახურის დირექტორს დაევალა, მიიღოს ყველა ზომა სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად.

რომ მაინც არ იყოს დაცული, თუკი გაგიჩნდებათ თქვენ საფუძვლიანი ვარაუდი, მაგალითად, მომიტანთ, რომ მიმართვები იქნა გაკეთებული ადმინისტრაციაზე, მოთხოვნილია ექიმი, მოთხოვნილია კონკრეტული სამედიცინო მომსახურება, მაგრამ იგნორირება ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დავალება არ შესრულდა, ეს შეიძლება გახდეს ახალი დასაბუთებული მსჯელობის საფუძველი, მანამდე განჩინების ამონაწერს გავაგზავნი პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან “, - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 9 თებერვალს გაგრძელდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, წარდგენილი ბრალდება ასე არის ფორმულირებული - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი ფულადი თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვა. პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს. გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურა აცხადებს, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG