ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 10 თებერვალს ერთდღიანი დიპლომატიური ვიზიტით ეწვევა პოლონეთს და ნატოს შტაბ-ბინას ბრიუსელში, ევროპაში უსაფრთხოების გარშემო არსებული შეშფოთების და უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის ფონზე.
9 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნატო ამბობს, რომ ჯონსონი 10 თებერვალს შეხვედრას გამართავს ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, ჯონსონი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი შეხვდებიან პოლონეთში დისლოცირებულ ბრიტანელ სამხედროებს, რის შემდეგაც გაიმართება მოლაპარაკება პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან.
ჯონსონის ოფისი ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს ამ ორ ვიზიტს.
ბრიტანეთმა 7 თებერვალს გამოაცხადა, რომ პოლონეთში გაგზავნის დამატებით 350 სამხედროს - მას მერე, რაც იქ შარშან 100 ჯარისკაცი განათავსა, ბელარუსთან საზღვარზე შექმნილი მიგრანტთა კრიზისის დროს.
დაწერეთ კომენტარი