Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ საზღვრის დამრღვევთა სტატისტიკას აქვეყნებს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ე.წ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის 13 შემთხვევის შესახებ იუწყება. კომიტეტის ინფორმაციით, მოქალაქეები დე ფაქტო რესპუბლიკის სხვადასხვა მონაკვეთზე დააკავეს.

„ამათგან: რვა სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია, ხუთი – სასაზღვრო რეჟიმის. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე სამართალწარმოება ჩაატარა. ცხრა პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, ორი პირი გააძევეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან ჯარიმების გარეშე, გააფრთხილეს ორი პირი, ერთი დამრღვევის მიმართ (ადრე დაკავებული) აღიძრა სისხლის სამართლის საქმე“, - აცხადებენ დე ფაქტო „კაგებე"-ს პრესსამსახურში.

„კაგებე"-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო, ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საზღვრის დაცვის სამსახური რესპუბლიკის სასაზღვრო დასახლებების მცხოვრებლებს რეკომენდაციას აძლევს, სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა გამოვლენისას გამორიცხონ ამ პირებთან კონტაქტი, დაუყოვნებლივ აცნობონ მესაზღვრეებს და ასევე დაეხმარონ საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში“, - აფრთხილებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს.

„კაგებე"-ს მიერ გავრცელებული ცნობაში ვკითხულობთ, რომ 13 დაკავებულიდან 2 საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკიდან ე.წ ჯარიმის გადახდის გარეშე გაძევებას დაექვემდებარნენ. დანარჩენი 11 კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებია, რომელთაგან ნაწილი გააფრთხილეს, ნაწილი კი დააჯარიმეს. ისინი ან სპეციალური საშვების გარეშე იმყოფებოდნენ ე.წ სასაზღვრო ზონაში, ან ე.წ საზღვრის გადაკვეთას საქართველოს ტერიტორიის მიმართულებით აპირებდნენ, რა დროსაც დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG