Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა მოსკოვში


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი 9 თებერვალს ჩავიდა მოსკოვში, სადაც მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან, იმ ფონზე, როცა ევროპის ლიდერები ცენტრალურ პოზიციებს იკავებენ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით გამოწვეული დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართულ ძალისხმევაში.

"მოსკოვში ვარ, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შესახვედრად და იმის მკაფიოდ სათქმელად, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს მისი ძალები და პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს ან მძიმე შედეგების წინაშე დადგეს", - წერს ტრასი ტვიტერით 9 თებერვალს. "ნებისმიერი შეჭრა იქნება უზარმაზარი შეცდომა. წინსვლის ერთადერთი გზა დიპლომატიაა და რუსეთმა ის უნდა აირჩიოს", - დასძინა მან.

ტრასის ვიზიტს ერთი დღით უსწრებდა წინ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დიპლომატიური ტურნეს დასრულება, რომლის ფარგლებშიც მან ცალ-ცალკე გამართა მოლაპარაკებები რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან. თავისი ტურნე მაკრონმა დაასრულა 9 თებერვალს ბერლინში გამართული შეხვედრებით გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან და პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან, სადაც მაკრონი გამოვიდა მოწოდებით გაგრძელდეს "მტკიცე დიალოგი" კრემლთან, რაც, მისი თქმით, ერთადერთი გზაა იმ შიშის განმუხტვისთვის, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეიჭრას.

10 თებერვალს დუდა შექმნილ კრიზისს ვარშავაში განიხილავს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან ერთად. ერთდღიანი დიპლომატიური ვიზიტის ფარგლებში ჯონსონი ასევე ეწვევა ბრიუსელს და მოლაპარაკებას გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG