Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედოევის აზრით, ბელარუსის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარების მყარი საფუძველი არსებობს


დიმიტრი მედოევი
დიმიტრი მედოევი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა კომენტარი გააკეთა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკა განცხადებაზე, მინსკის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის" აღიარების შესაძლებლობის შესახებ, - იუწყება დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

„ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებას აქვს მყარი საფუძველი და ეს არ არის მხოლოდ მოცემული და აშკარა საერთაშორისო სამართლებრივი ვითარება, რომელიც დაკავშირებულია მოკავშირე სახელმწიფოების, რუსეთის და ბელარუსის არსებობასთან, რაც გულისხმობს პოლიტიკურ ვალდებულებებს, მათ შორის, კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას“, - განაცხადა მედოევმა, – „პირველ რიგში, ჩვენ გვაკავშირებს საერთო ისტორია და ერთ სახელმწიფოში ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, დიდი სამამულო ომის დროს ფაშიზმთან ერთობლივი ბრძოლის ხსოვნა. საერთაშორისო ასპარეზზე ბოლოდროინდელი ცვლილებების ფონზე, ჩვენი ქვეყნების ირგვლივ დაძაბულობის სწრაფი ზრდის ფონზე, რასაც ჩვენ ვხედავთ, საერთო საფრთხეების წინაშე ერთიანობისა და სოლიდარობის სურვილი, სრულიად გასაგებია“.

მედოევის თქმით, უკრაინის გარშემო არსებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა კრიზისმა და სამხრეთის მიმართულებით საქართველოს მილიტარიზაციის პროცესის დაჩქარებამ კოლექტიური უსაფრთხოების ძიება გაააქტიურა. „მაგრამ არის ასეთი გადაწყვეტილების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი - ეს არის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რომელთანაც დღემდე გაფორმებულია მაღალ დონეზე ხელმოწერილი 100-ზე მეტი მთავრობათაშორისი და სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია თავდაცვა და უსაფრთხოება, საბაჟო და სასაზღვრო ურთიერთობები. სამხრეთ ოსეთი მკაცრად იცავს ხელმოწერილ ხელშეკრულებებს და აფასებს ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეს“, - აღნიშნა დე ფაქტო მინისტრმა.

ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც ეხებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების შესაძლებლობას, გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ბელარუსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. „ბელორუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ბელორუსი ამ მხრივ რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული. რაც შეეხება ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინტერვიუს რუსულ ტელეარხთან, მისი ინტერვიუდან ცალკეული ამონარიდები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან და ისე მოწოდებული საზოგადოებისთვის”, - აცხადებს მარი ნარჩემაშვილი.

კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში, რომელიც სოლოვიოვის იუთუბის არხზე 7 თებერვალს გავიდა, მის შეკითხვას, "როდის ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს?", ლუკაშენკამ თავადაც შეკითხვით უპასუხა: "არის კი ამის რაიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება?". სოლოვიოვის რეპლიკის შემდეგ, რომ "ყოველთვის არის", ლუკაშენკამ თქვა: „როგორც კი მივხვდები და პრეზიდენტი(რუსეთის) მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს“.

საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

XS
SM
MD
LG