Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ბელარუსში დაიწყო სამხედრო მანევრების მეორე ეტაპი


დღეიდან, 10 თებერვლიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსის ტერიტორიაზე დაიწყო სამხედრო მანევრების მეორე ეტაპი. უკრაინის მახლობლად მიმდინარე წვრთნებს ოფიციალურად უწოდებენ რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სწავლებას „საკავშირო სიმტკიცე 2022“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, წვრთნებისას დამუშავდება გარედან აგრესიის აღკვეთის და მოგერიების, სამოკავშირეო სახელმწიფოს ინტერესების დაცვის და ტერორიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სამხედრო მანევრების პირველი ეტაპი, რომელიც 2 თებერვლიდან მიმდინარეობდა, მოიცავდა ბელარუსის ტერიტორიაზე დაჯგუფებების შექმნას, მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების და საჰაერო საზღვრების დაცვის ორგანიზებას და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების მზადყოფნის და შესაძლებლობების შემოწმებას.

სამხედრო წვრთნების მეორე ეტაპი, რომელიც 20 თებერვლამდე უნდა გაგრძელდეს, ბელარუსის ხუთ პოლიგონზე მიმდინარეობს. რუსეთი მანევრებში ჩართული სამხედროების და შეიარაღების რაოდენობას არ ასახელებს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, რუსეთმა ბელარუსში გაგზავნა 30 ათასამდე სამხედრო, 300 ტანკი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები С-400 და ავიაგამანადგურებლები Су-35С.

3 თებერვალს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბელარუსის ტერიტორიაზე მანევრებს უწოდა ცივი ომის შემდეგ რუსეთის მიერ ძალთა ყველაზე დიდი გაშლა და გაიმეორა, რომ რუსეთს ძვირად დაუჯდება უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია.

ბოლო თვეებში, სამხედრო სწავლებების საბაბით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 000-ზე მეტი სამხედრო. დასავლეთის ქვეყნები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას ამზადებს, რასაც კრემლში უარყოფენ. სამხედრო აქტივობის ფონზე, რუსეთმა აშშ-ისა და ნატოსგან 2021 წლის დეკემბერში მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები ევროპაში, მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტა, რაზეც 2022 წლის იანვარში უარი მიიღო. რუსეთისადმი აშშ-ის და ნატოს ერთ-ერთი საპასუხო მოთხოვნაა, თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.

ბოლო რამდენიმე კვირაა დასავლეთის სახელმწიფოები ცდილობენ კრიზისი მოაგვარონ რუსეთთან დიპლომატიური დიალოგის გზით. პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.

XS
SM
MD
LG