Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მიღებას განახლებული პირობებით იწყებს 


სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება იწყება. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვასთან დაკავშირებული პირობების შესახებ პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ.

საკონტრაქტო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 36 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები.

ამ ეტაპზე პოტენციურ რეკრუტებს თავდაცვის უწყება სთავაზობს ყველაზე დაბალი წოდების რიგითის საწყის ხელფასს - 1177 ლარს (ხელზე ასაღები 922 ლარი), რაც 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიზრდება 1275 ლარამდე (ხელზე ასაღები 1000 ლარი). მეორე და ყოველი შემდგომი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო ერთჯერადი ბონუსის სახით 7000 ლარს მიიღებს.

როგორც ჯონი ტატუნაშვილმა განაცხადა, სამხედრო მოსამსახურეებს სთავაზობენ ისეთი კარიერული და პროფესიული უნარების შესწავლასა და ათვისებას, რომელიც მათ გამოადგებათ არა მხოლოდ სამხედრო სამსახურში, არამედ თადარიგში გასვლის შემდეგ და იქნებიან ბევრად კონკურენტული სამოქალაქო სექტორში. კერძოდ:

  • უცხო ენების შესწავლა, როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და აშშ-ში;
  • სხვადასხვა საკარიერო და პროფესიული კურსების გავლა.

სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შემთხვევაში, საშუალება აქვთ სახელმწიფოს 50%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლონ. მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, მიიღონ 750-ლარიანი სტიპენდია სემესტრულად.

ტატუნაშვილის განცხადებით, ოთხი შვილის და მეტის ყოლის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ დამატებით სახელფასო ანაზღაურება, შვილის შეძენის დროს -1000-ლარიანი ბონუსი.

„4-წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18-დან 36 წლამდე საქართველოს მოქალაქეები. სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან NATO-ს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით", - აღნიშნა მან.

საბინაო პოლიტიკა

გარკვეული სამსახურის შემდგომ, სერჟანტთა შემადგენლობას, მასტერ სერჟანტის და მაღალ წოდებაში მყოფებს საშუალება აქვთ სახელმწიფოს 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღონ საცხოვრებელი ბინა. ასევე ოფიცერთა შემადგენლობას, მაიორის და მაღალ წოდებაში მყოფებს სახელმწიფოსგან შეუძლიათ 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღონ საცხოვრებელი ბინა.

სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ (Onlinebct.mod.gov.ge), ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი), იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში.

რომან ჯოხაძის განცხადებით, თავდაცვის ძალებში რეკრუტირება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. როგორც ის აცხადებს, რეკრუტირების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები განაწილებული იქნებიან ტერიტორიული პრინციპით.

რეკრუტები ფსიქოლოგიური ტესტირებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ორთვიან კურსს (BCT) გაივლიან. კურსის განმავლობაში მათი სახელფასო ანაზღაურება შეადგენს თვეში 500 ლარს. BCT კურსის დასრულების შემდეგ, ისინი ტერიტორიული პრინციპის მიხედვით სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG