Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ქალ პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალ პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში საჯარო განხილვა გამართა. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

"30 წელი გავიდა ჩვენი დამოუკიდებლობიდან. ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პრაქტიკულად ეს ქვეყანა ჩაძირულია დაპირისპირებაში, გაჩერებული და ორად გაყოფილია. სად ვართ, საით მივდივართ, როგორ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა, რას ვუტოვებთ და ვუმზადებთ მომავალ თაობას? საჭიროა, დავფიქრდეთ რატომ ხდება ის რაც დღეს მოგვდის და ამისათვის ჩვენს წარსულში უნდა ჩავიხედოთ", - მიმართა რეზიდენციაში შეკრებილ ქალებს პრეზიდენტმა.

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე შეხვედრიდან სხვებზე ადრე გამოვიდა. ის უკმაყოფილო იყო იქ წამოჭრილი საკითხებით.

"ამ ფორმატში ამ შემთხვევაში ჩემი ადგილი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ რაკურსი გადავიდა უფრო წარსულის შეფასებაზე", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი კი ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო წარსულის შეფასებაზე, რაც მნიშვნელოვანია.

"ამ შეხვედრებზე საუბარი იყო წარსულის შეფასებაზე, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ წარსულის შეფასება ვერ გადაჭრის იმ პოლიტიკურ კრიზისს და იმ გამოწვევებთან გამკლავების გზა ვერ იქნება, რაც დღეს რეალურად გვაქვს საზოგადოებას", - თქვა მეზვრიშვილმა.

შეხვედრას 30-ზე მეტი ქალი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე. გარდა ამისა - არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სახალხო დამცველი.

"ყველას თანხმობა, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა, იყო იმაზე, რომ ამ პროცესმა გავლენა უნდა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე და დაეხმაროს ქვეყანას დაძლიოს კრიზისი", - თქვა შეხვედრის შემდეგ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა.

20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG