აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განკარგულებით, დამატებით სამი ათასი ამერიკელი სამხედრო გაიგზავნება პოლონეთში, ნატოს წევრ ქვეყანაში, რადგან იზრდება საფრთხე, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კრიზისის შეიძლება სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს.
პენტაგონის 11 თებერვლის განცხადებით, ჯარი პოლონეთში განთავსდება მომავალი კვირის დასაწყისში და დაემატება უკვე იქ მყოფ 1700-მდე სამხედროს, რომლებიც პოლონეთში თვის დასაწყისში ჩავიდნენ.
„სულ ხუთი ათასი დამატებითი სამხედრო წარმოადგენს მაღალი მობილურობის და მოქნილ ძალებს, რომლებსაც ბევრი ამოცანის შესრულება შეუძლიათ. მათი განთავსება ხდება ჩვენი ნატოელ მოკავშირეების დასამშვიდებლად, ნატოს აღმოსავლეთის ფლანგზე ნებისმიერი აგრესიის შესაჩერებლად, მასპინძელი ქვეყნის ძალებთან ერთად წვრთნისა და ფართო სპექტრის განსაკუთრებულ ვითარებებში მონაწილეობის მისაღებად“, წერია პენტაგონის განცხადებაში.
უფრო ადრე, აშშ-ის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთს თავმოყრილი აქვს საკმარისი ძალა უკრაინის საზღვართან იმისთვის, რომ მოაწყოს მსხვილი სამხედრო ოპერაცია და დასძინა, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ის „დაიწყება საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო დარტყმებით, რაც, აშკარაა, მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლს მოიტანს“. რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინის საზღვართან ჯარის განთავსება უკრაინაში ახალი შეჭრის პრელუდიაა. მოსკოვი უარყოფს დასავლეთის ბრალდებას, რომ შეჭრას გეგმავს და აცხადებს, რომ მას აქვს უფლება, თავის ტერიტორიაზე ჯარი განათავსოს, სადაც სურს.
დაწერეთ კომენტარი