Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალურმა მოძრაობამ" გარდაცვლილი დეპუტატის შვილი დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუმში


"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მათე ფუტკარაძე დღეს ბათუმის ახალ ბულვარში საზეიმოდ წარადგინეს. 

ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნაციონალურმა მოძრაობამ დაასახელა გარდაცვლილი დეპუტატის შვილი.

მათე ფუტკარაძე, ბათუმის საკრებულოს დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის შვილია. ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წელს ბათუმის საკრებულოს არჩევნებში მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში გამარჯვების შემდეგ მალევე გარდაიცვალა. "ნაციონალური მოძრაობა" თავისი წევრის გარდაცვალებას ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას უკავშირებს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თანაპარტიელის მოსყიდვისა და ზეწოლის მცდელობა "ქართული ოცნების" ინიციატივით ხდებოდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნები გამოცხადდა, კენჭისყრის დღედ კი 2022 წლის 2 აპრილი დასახელდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მათე ფუტკარაძე დღეს ბათუმის ახალ ბულვარში საზეიმოდ წარადგინეს.

ფუტკარაძის კონკურენტი მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში, "ქართული ოცნებიდან" რამაზ ჯინჭარაძე იქნება. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ბოლო წლებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპარტიული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.

არჩევნების შედეგების მიხედვით, მანდატების პირველადი გადანაწილება შეიცვალა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ. ასევე მას შემდეგ, რაც 29 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოში პარტიის "საქართველოსთვის" პროპორციული სიით არჩეულმა ირაკლი თავდგირიძემ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად იმუშავებს.

დღევანდელი მოცემულობით, ბათუმის საკრებულოში 34 წევრია და მათგან 17 ოპოზიციური პარტიებიდან.

ახალი მოწვევის საკრებულო 3 დეკემბერს, საკუთარი უფლებამოსილების ცნობის მიზნით ჩატარებული პირველი სხდომის შემდეგ ვეღარ ახერხებს შეკრებას და თავმჯდომარის არჩევას, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სულ მცირე 18 ხმა არცერთ მხარეს არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG