Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა რეალურად სურს


ინგრიდა შიმონიტე
ინგრიდა შიმონიტე

დასავლეთში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ვლადიმირ პუტინის მოქმედება მხოლოდ ბლეფია, სინამდვილეში კი რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როგორც ეს 2008 წელს რუსეთის საქართველოში ინტერვენციისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს მოხდა, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციის ფონზე, რომელსაც თან ახლავს მოსკოვის მორიგი ინტერვენციის საფრთხით გამოწვეული დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თქმით ევროპას უჭირს იმის აღიარება, რომ რასაც ხედავს, სინამდვილეა. „10-12 წლის წინ საქართველოში დატრიალებულ ამბებამდეც (2008 წელს რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. რედ. ), სინამდვილეში არავის არ სჯეროდა, რომ შესაძლო იყო დღისით-მზისით სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა. ჩვენ ყველა პარტნიორს ვაფრთხილებდით: ნახეთ, ეს სერიოზული ცვლილებაა, თქო! შესაძლოა ასე იყო ყოველთვის მაგრამ უბრალოდ ჩვენ ვიყავით ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი იმის მიმართ, თუ როგორ ხედავდა კრემლი მსოფლიოს. ასეთია მათია ამბიცია.. მე ამას ვუწოდებ „საბჭოთა კავშირ 2“-ის აღდგენისკენ მიმართულ ამბიციებს. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა შესაძლოა თქვას, რომ ეს უფრო რუსეთის იმპერიული ამბიციებია. ეს ამბიციები რეალურია და შესაძლოა მსგავსი რამ 21-ე საუკუნეში დღისით-მზისით მოხდეს. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ამის აღქმა დაიწყო ყირიმის (ანექსიის) შემდეგ, რომელსაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოჰყვა. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ბევრი, შესაძლოა, შექმნილ ვითარებას ჯერ კიდევ ბლეფად აღიქვამდეს.“, - განაცხადა შიმონიტემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიზიტი ნაწილია კოლექტიური დასავლეთის დიპლომატიური ძალისხმევიდა, რომელიც მიზნად ისახავს ვითარების დეესკალაციას უკრაინის საზღვარზე.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა 100 ათასზე მეტ ჯარისკაცსა და სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი. დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას.

პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა. მისი თქმით, ეს აუცილებელია რუსეთის მხრიდან ომის დაწყების საფრთხის გამო. „მოვლენები შეიძლება სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა ბაიდენმა 10 თებერვალს NBC News-თან საუბრისას.

ამის შემდეგ რამდენიმე სახელმწიფომ ერთდროულად დაიწყო უკრაინიდან თავისი ქვეყნის მოქალაქეების გაყვანა ან მოუწოდა მათ, დატოვონ ქვეყანა. ამგვარი მოწოდებით თავის მოქალაქეებს მიმართა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო სამინისტრომ. მსგავსი განცხადებით გამოვიდა კიევში ნიდერლანდის ელჩი.

კიევიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანის შესახებ განცხადება გააკეთა ისრაელმაც.

რუსეთის მოსალოდნელი ინტერვენციის შესახებ გავრცელებული ცნობებისა და გაფრთხილების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში, მელინდა სიმონსმა განაცხადა, რომ აგრძელებს თავის საქმიანობას უკრაინაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG