კიევში ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამხედრო დახმარების მორიგი ნაწილი ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლეკსი რეზნიკოვი წერს, რომ 180 ტონა საბრძოლო მასალა შევიდა უკრაინის დასახმარებლად. ჯამში აშშ-მ უკრაინაში 1 500 ტონაზე მეტი საბრძოლო აღჭურვილობა გააგზავნა.
"ჩვენს მეგობრებს არ სძინავთ". – წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.
მალევე თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვის მიერ გამოგზავნილი დახმარების შესახებ გამოაქვეყნა პოსტი და მადლობა გადაუხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს დახმარებისთვისა და მხარდაჭერისთვის.
"უკრაინისა და ლიეტუვის ურთიერთობა ძალიან მჭიდროა და მრავალი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა. ვაფასებ ჩვენს მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და ერთმანეთის ძლიერ მხარდაჭერას!"
NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებითმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება.
2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.
რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. როგორც ცნობილია რუსეთმა უარი მიიღო ალიანსის გაფართოების შეწყვეტაზე და დასავლეთი აქტიურად ეხმარება უკრაინას შესაძლო თავდასხმისთვის მოსამზადებლად.
უკრაინაში ვითარების შესაძლო გამწვავების გამო, ქვეყანას ტოვებენ დიპლომატიური კოპრპუსის წარმომადგენლები და მოუწოდებენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებსაც დატოვონ უკრაინა.
უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს საზოგადოებას არ აჰყვეს პანიკას, რადგან ეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია.