თურქმენეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაიწყო კამპანიის პირველი ეტაპი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რითაც შუა აზიის ამ, მკაცრად კონტროლირებულ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამ პოლიტიკურ პარტიას გზა გაუხსნა კანდიდატების დასახელებისკენ.
კომისიამ კამპანიის დაწყება 14 თებერვალს გამოაცხადა, სამ დღეში მას შემდეგ, რაც ვეტერანმა ავტორიტარმა ლიდერმა, გურბანგული ბერდიმუხამედოვმა მიანიშნა, რომ გადადგომას გეგმავს. ამ იზოლირებულ, ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყანაში რეგისტრირებულია მმართველი, თურქმენეთის დემოკრატიული პარტია და კიდევ ორი პარტია, რომლებიც მმართველი ძალის ერთგულები არიან - აგრარული პარტია და მეწარმეთა და ბიზნესმენთა პარტია. ყველა მათგანი მხარს ბერდიმუხამედოვს უჭერს, რადგან თურქმენეთში ნამდვილი ოპოზიციური პარტია არ არსებობს.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 12 მარტს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ბერდიმუხამედოვმა პარლამენტის ზედა პალატის წევრებს საგანგებო სხდომაზე უთხრა, რომ აპირებს გადადგეს და ხელისუფლება "ახალგაზრდა ლიდერებს" დაუთმოს. ანალიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბერდიმუხამედოვი ამ ნაბიჯით აპირებს მართვის სადავეები გადააბაროს თავის შვილს, სერდარს, რომელსაც სექტემბერში შეუსრულდა 40 წელი - პრეზიდენტობისთვის აუცილებელი ასაკი ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად.
დაწერეთ კომენტარი