ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვირის დასრულებამდე შეხვედრას გამართავენ, იმ ფონზე, როცა ორი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო მანევრები აძლიერებს შეშფოთებას, რომ მოსკოვი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს.
ლუკაშენკამ 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ პუტინს "უახლოეს მომავალში შეხვდება", რათა გადაწყდეს "როდის, რა პირობებით და როგორი დღის წესრიგით" დაიწყებენ რუსეთის სამხედროები ბელარუსიდან გასვლას წვრთნების შემდეგ, რომლებიც 20 თებერვლამდე გაგრძელდება.
პუტინის და ლუკაშენკას მოსალოდნელი შეხვედრა დაადასტურა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმაც და დასძინა, რომ "ასეთი შეხვედრა კვირის დასრულებამდეა დაგეგმილი". პესკოვმა არ უპასუხა კითხვას, ისაუბრებენ თუ არა პუტინი და ლუკაშენკა რუსეთის ჯარების ბელარუსიდან გასვლაზე წვრთნების შემდეგ. "მოთმინება ვიქონიოთ, დავიცადოთ შეხვედრის ბოლომდე. იმედი გვაქვს, რომ ორი პრეზიდენტი მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივი განცხადებით გამოვა", - თქვა პესკოვმა.
ბელარუსი ესაზღვრება როგორც ნატოს აღმოსავლეთ ნაწილს, ისე უკრაინას და, შესაბამისად, წვრთნები, რომლებშიც რუსეთის 30 000-მდე სამხედრო მონაწილეობს, შეშფოთებას იწვევს დასავლეთში კრემლის რეალური მიზნების შესახებ - იმ ფონის გათვალისწინებით, რომ, აშშ-ის დაზვერვის თანახმად, მოსკოვს უკრაინის საზღვართან 130 000-მდე სამხედრო და საბრძოლო აღჭურვილობა აქვს მობილიზებული.
დაწერეთ კომენტარი