Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გავიხსენეთ დაპირება, რომ გამოძიებული იქნებოდა [მათ შორის] ევროკავშირის ელჩის მოსმენების საკითხი" - ევროპარლამენტის დელეგაციის განცხადება


მარინა კალიურანდი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის (DSCA) ხელმძღვანელი
მარინა კალიურანდი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის (DSCA) ხელმძღვანელი

14 თებერვალს სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის (DSCA) ხელმძღვანელმა, ევროპის პარლამენტის წევრი მარინა კალიურანდმა საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის 2022 წლის 10 თებერვალს, ბრიუსელში გამართული საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის (PAC) მეათე შეხვედრის შესახებ.

„კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობასა და პარტიებს შორის ძალიან მაღალი რჩება“, - წერია განცხადებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის დელეგაციამ შეხვედრაზე წამოჭრა 2020 წლის საკანონმდებლო და 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების ხარვეზების საკითხი, რომლებიც აღნიშნული იყო OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებში, ისევე, როგორც „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის მიმდინარე პროცესი, საერთო სასამართლოების ახლახან ჩატარებული რეფორმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევი გაუქმება და ნელი პროგრესი საკონსტიტუციო რეფორმასთან მიმართებით“.

„გავიხსენეთ დაპირება, რომ გამოძიებული იქნებოდა საქართველოს საზოგადოების ფართო სეგმენტების და დიპლომატების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის მოსმენების საკითხი, და ახლო მომავალში მკაფიო პასუხების მიღების საჭიროება“, - წერია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა ღრმა სინანულით ისაუბრეს პოლიტიკური და მედიასივრცეების პოლარიზაციაზე, როგორც მნიშვნელოვან წინაღობაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, და ხაზგასმით აღნიშნეს ის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება რჩება ევროპულ გზად „საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ასაშენებლად, ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად“.

ასევე განცხადების მიხედვით, შეხვედრისას, აღიარეს „ის ფაქტი, რომ საქართველოში კანონითაა აკრძალული დისკრიმინაციის ყველა ფორმა. და მაინც, გამოწვევად რჩება LGBTQI+ ადამიანების სიტუაცია, რაც ტრაგიკულად წარმოაჩინა ძალადობრივმა თავდასხმებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და მშვიდობიან დემონსტრანტზე, რის გამოც 2021 წლის 5 ივლისს თბილისში საჭირო გახდა პრაიდის მსვლელობის გაუქმება. ამ შემთხვევასთან მიმართებით, მოველით, რომ ორგანიზატორები და დამნაშავეები სამართლის წინაშე წარდგებიან, საქართველოს კანონების და საერთაშორისო პასუხისმგებლობების შესაბამისად“.

დელეგაცია მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ნებას, უფრო მეტი ჰარმონიზაცია მოხდეს საქართველოს კანონმდებლობასა და ევროკავშირს შორის, სხვადასხვა სფეროში, ასოცირების ხელშეკრულების კვალდაკვალ. „აღინიშნა ისიც, რომ ვითარება კიდევ შეიძლება გაუმჯობესდეს კონკრეტულ სფეროებში, მათ შორის, სამართალდამცავი სააგენტოების ანგარიშვალდებულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის და სუსტ პოზიციებზე მყოფი ჯგუფებისა და უმცირესობების დისკრიმინაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ დელეგაცია მიესალმა საკანონმდებლო შესწორებებს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებაზე, რათა გაძლიერდეს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისევე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კანონის მიღებას.

განცხადების თანახმად, დელეგაციამ აღნიშნა ევროკავშირის ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის სწრაფი მიღება აღმოსავლეთის პარტნიორების, მათ შორის, საქართველოს მხრიდან და მიესალმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაგრძელებას, იმ პირობით, რომ ეს დახმარება დამოკიდებულია მდგრად პროგრესზე რეფორმების პროცესში.

„იმ ფონზე, როცა ჩვენს ქვეყნებზე მძიმედ აისახა Covid-19-ის პანდემიის ახალი ტალღა, მივესალმეთ ევროკავშირის სამაგალითო სოლიდარობას საქართველოს მიმართ ამ რთულ დროში, ჯანდაცვის სექტორისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას და ვაქცინების ხელმისაწვდომობის სფეროში გაწეულ ძალისხმევას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, დავგმეთ რუსეთის ფედერაციის უკანონო ნაბიჯები, რაც კიდევ უფრო აუარესებს უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში“, - წერია ევროპის პარლამენტის დელეგაციის განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ევროპისა და საქართველოს პარლამენტების დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა იმ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, რომელსაც იწვევს რუსეთის ფედერაციის აგრესიული მოქმედება და მუქარა უკრაინისა და ნატოს მიმართ.

„ჩვენ მყარად ვთქვით, რომ ჩვენი პარტნიორის მიერ არჩეული, ევროატლანტიკური გზა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, და ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად, შეუზღუდავად აირჩიოს თავისი საგარეო პოლიტიკის კურსი და უსაფრთხოების მოდელი“, - წერია ევროპის პარლამენტის დელეგაციის განცხადებაში 10 თებერვალს გამართული საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის (PAC) მეათე სხდომის შესახებ.

უსაფრთხოების საკითხებზე იყო გამახვილებული ყურადღება ორი დღით ადრე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც წერია, რომ „სხდომაზე ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის შეუქცევადი და მტკიცე არჩევანია; საქართველო ერთგულია ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების და რომ გაგრძელდება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რათა ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. ამასთანავე, ქართული მხრიდან მადლიერებით აღინიშნა ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღარებულ საზღვრებში და ქვეყნის ევროპული პერსპექტივისადმი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG