Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმა განიხილავს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხს


რუსეთის სახელმწიფო დუმა დღეს, 15 თებერვალს პლენარულ სხდომაზე განიხილავს უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის - დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს.

დუმის სხდომის დღის წესრიგშია კომუნისტების და პარტია „ედინაია როსია“-ს მიერ მომზადებული პროექტები. „კომუნისტური პარტიის“ დადგენილების პროექტი ითვალისწინებს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების თხოვნით პირდაპირ პრეზიდენტ პუტინისთვის მიმართვას. „ედინაია როსია“-ს პროექტის თანახმად კი, საკითხი კონსულტაციისთვის უნდა გაიგზავნოს ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში და პრეზიდენტს მხოლოდ სამინისტროს შეფასების შემდეგ მიმართონ.

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ინფორმაციით, რომელ ვარიანტს დაუჭერენ მხარს დეპუტატები, 15 თებერვლის სხდომაზე ე.წ. სარეიტინგო კენჭისყრით გადაწყდება. როგორც ვოლოდინმა თქვა, დღის წესრიგშია "უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო საკითხი". რუსეთის დუმის სპიკერის განცხადებით, ვაშინგტონი დაძაბულობას ზრდის და ევროპის ქვეყნებთან ერთად უკრაინას იარაღს აწვდის, კიევი ისევ არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს, ეს ყველაფერი კი საფრთხეს უქმნის „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს და თანამემამულეებს".

უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი მასშტაბური თავმოყრის ფონზე, როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის მედიასაშუალებებით ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი ეძებს სხვადასხვა საბაბს უკრაინაში საკუთარი ჯარების შეყვანის გასამართლებლად. რუსეთმა წლების წინ დაიწყო უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემა და დღეს მათ თანამოქალაქეებად და თანამემამულეებად მოიხსენიებენ.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა სეპარატისტებმა უკრაინის ორი რეგიონი, დონეცკი და ლუგანსკი 2014 წელს გამოაცხადეს ე.წ. დამოუკიდებელ, სახალხო რესპუბლიკებად. ამ დრომდე, რუსეთი დონეცკს და ლუგანსკს ოფიციალურად აღიარებს უკრაინის ნაწილად, თუმცა, ამ რეგიონების მცხოვრებთა უმეტესობას უკვე რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

რუსეთმა მსგავსი პოლიტიკა აწარმოა საქართველოს ორ რეგიონშიც, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რომლის შემდეგაც მოსკოვმა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთის მთავრობამ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებთ გამარტივებული წესით მისცა რუსეთის მოქალაქეობა.

XS
SM
MD
LG