Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან თავმოყრილი სამხედრო ნაწილები წვრთნის შემდეგ თავიანთ ბაზებზე ბრუნდებიან


რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები წვრთნის შემდეგ თავიანთ ბაზებზე სარკინიგზო და საავტომობილო გზით დაბრუნებას სამშაბათს იწყებენ.

ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა ცნობები რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით გაავრცელეს.

"სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების დანაყოფებმა, რომლებმაც დაასრულეს დავალებების შესრულება, უკვე დაიწყეს დატვირთვა სარკინიგზო და საგზაო ტრანსპორტზე და დღეს შეუდგებიან თავიანთ სამხედრო გარნიზონებში გადაადგილებას. ცალკეული დანაყოფები კი საკუთარი გზით, სამხედრო კოლონებად განახორციელებენ მარშირებას“, - განაცხადა კონაშენკოვმა.

ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს მზადყოფნა გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. "უსაფრთხოების გარანტიებზე" და დასძინა, რომ "შეთანხმების შანსი არსებობს."
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ამასთან აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები აგრძელებენ წვრთნებს რიგ მიმართულებაზე.

ლაპარაკია ბელარუსის ტერიტორიაზე მიმდინარე ერთობლივ წვრთნაზე „საკავშირო სიმტკიცე 2022“, რომელშიც აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ჯარები და რუსეთის სადესანტო ძალები, ბელარუსის შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთქმედებით, საკავშირო სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის მოგერიების თავდაცვით ამოცანებს ამუშავებენ.

პუტინის მზადყოფნა მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუშიც დაადასტურა. მოსკოვის განცხადებების საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთმა დაიწყოს დეესკალაცია და დაუბრუნდეს დიპლომატიას.

XS
SM
MD
LG