Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის ახალ სისხლის სამართლის საქმეზე კოლონიაში ასამართლებენ


ალექსეი ნავალნი სასამართლოში, 2021 წლის 2 თებერვალი

რუსეთის ვლადიმირის ოლქში მდებარე პოკროვის კოლონიაში სამშაბათს დაიწყო სასამართლო პროცესი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ, ახალ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც მას ბრალად ედება თაღლითობა და სასამართლოს უპატივცემულობა.

წინასწარ გასვლით სხდომას მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლო ატარებს. პროცესზე დაუშვეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცოლი, იულია ნავალნაია, რომელმაც ეს საჯაროდ მოითხოვა. სასამართლო პროცესი ტარდება კოლონიის სააქტო დარბაზში, სადაც ჟურნალისტები ვიდეო და ტელეკამერების გარეშე დაუშვეს.

განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობის საქმე ნავალნისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ 2020 წლის დეკემბერში აღიძრა. გამომძიებლების თქმით, მათ გაფლანგეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ დაფუძნებული ფონდის საქმიანობისთვის, შემოწირულების გზით მიღებული, 356 მილიონი რუბლის თანხა.

ხოლო მოსამართლის შეურაცხყოფის საქმე დიდი სამამულო ომის ვეტერანის იგნატ არტემენკოს მიმართ ცილისწამების საქმის განხილვის შემდეგ აღიძრა. მაშინ სასამართლო პროცესზე ნავალნიმ მოსამართლე მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და ათზე მეტი კომენტარი მიიღო.

მოგვიანებით, თაღლითობისა და მოსამართლის შეურაცხყოფის საქმე ერთ საქმედ გაერთიანდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ნავალნის 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ნავალნი და მისი მომხრეები ამ ბრალდებას უარყოფენ და მას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

ალექსეი ნავალნი 2021 წლის მარტიდან იმყოფება პოკროვის შრომა-გასწორებით კოლონიაში ვლადიმირის ოლქში, სადაც სასჯელს იხდის ე.წ. „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით. ის, მისი თანამებრძოლები და უფლებადამცველი ორგანიზაციები მისთვის პირობითი სასჯელის რეალურ სასჯელად შეცვლას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG